თბილისში 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან შვიდი წელი გავიდა

იმ ტრაგედიის შედეგების აღმოსაფხვრელად უამრავი ახალგაზრდა გაერთიანდა და სოლიდარობის ძლიერი მაგალითი მისცა ყველას.
Sputnik
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. თბილისში ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა.
დღეს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე 13 ივნისის მემორიალი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გვირგვინით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მეხანძრე-მაშველებმა მემორიალთან კიდევ ერთხელ გაიხსენეს გმირულად გარდაცვლილი თანამებრძოლი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც სამაშველო ოპერაციის დროს 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თავად კი უსაფრთხო ადგილზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
2015 წლის 13 ივნისს ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, „მზიურის" პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, ასევე მოშალა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. სტიქიამ 200-მდე ოჯახი დააზარალა.
სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ქალაქის ინფრასტრუქტურა. დედაქალაქის ზოოპარკის ტერიტორია თითქმის მთლიანად განადგურდა. მისი 600 ბინადრიდან ნახევარზე მეტი სტიქიამ იმსხვერპლა. ზოგიერთი ცხოველი, მათ შორის მტაცებლები, ქუჩაში აღმოჩნდნენ. მტაცებლების ნაწილის დაძინება და მუნიციპალურ თავშესაფარში დაბრუნება შეძლეს, ნაწილის კი ლიკვიდაცია გახდა საჭირო.
ოფიციალური ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი გახდა. დაახლოებით ერთი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასის ჩამოსვლამ ვერეს ხეობაში წყალდიდობა და გამანადგურებელი პროცესები გამოიწვია. მოვარდნილმა ღვარცოფმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. თითქმის მთლიანად დაიტბორა „მზიურისა" და ზოოპარკის ტერიტორია.
ზარალმა დაახლოებით 90 მილიონი დოლარი შეადგინა.