მსოფლიო დღეს

ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხემ პიკს მიაღწია: SIPRI ლიდერთა სიას აქვეყნებს

Sputnik
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. მსოფლიოში ბირთვული იარაღის გამოყენების რისკმა უმაღლეს დონეს მიაღწია, განაცხადა სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) ხელმძღვანელმა დენ სმიტმა.
როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია ნათქვამი, შეერთებული შტატები, რუსეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ასევე ისრაელი და ჩრდილოეთ კორეა თავიანთი არსენალების მოდერნიზაციას განაგრძობენ.

„მიუხედავად ბირთვული იარაღის კონტროლისა და განიარაღების კუთხით მნიშვნელოვანი მიღწევებისა, ბირთვული იარაღის გამოყენების რისკმა უმაღლეს დონეს მიაღწია ცივი ომის შემდეგ“, — აღნიშნა სმიტმა.

SIPRI-ს ექსპერტების პროგნოზით, თუ ამჟამინდელი ტენდენცია გაგრძელდება, მომდევნო ათწლეულში ბირთვული იარაღის მარაგები კვლავაც გაიზრდება – „მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული იარაღის საერთო რაოდენობა ოდნავ შემცირდა 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის იანვრამდე“.
როგორც ორგანიზაციის სპიკერმა ვილფრედ ვანგმა აღნიშნა, ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოები ამძაფრებენ თავიანთ რიტორიკას და ზრდიან როლს, რომელსაც ამ ტიპის იარაღი ასრულებს მათ სამხედრო სტრატეგიაში.
2022 წლის იანვრის მონაცემებით, მსოფლიოში განთავსებული ბირთვული ქობინების რაოდენობით ლიდერობენ:
აშშ — 1.744 ქობინი (მარაგიანად — 3.708);
რუსეთი — 1.588 (4.477);
საფრანგეთი — 280 (290);
დიდი ბრიტანეთი — 120 (180).
ამასთან აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთმა 2021 წელს უარი თქვა ბირთვული ქობინების შესახებ მონაცემების გამოქვეყნებაზე.
ანგარიშის თანახმად, ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუარესების გამო პრობლემები წარმოიშვა ბირთვული დიპლომატიის სფეროშიც. უკრაინაში რუსეთის „სამხედრო სპეცოპერაციის“ დაწყების შემდეგ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ მოლაპარაკებები ფაქტობრივად გაიყინა. გარდა ამისა, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები — ჩინეთი, რუსეთი, საფრანგეთი, აშშ და დიდი ბრიტანეთი არ შეუერთდნენ ბირთვული იარაღის აკრძალვის ხელშეკრულებას და ირანთან ბირთვულ გარიგებაზე შეთანხმებაც არ გაფორმებულა.
წყარო: SIPRI