თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. საქართველო მონაწილეობას იღებს MIFA-ს კინობაზრობაში, რომელიც 13-დან 18 ივნისამდე ანსიში (საფრანგეთი) ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალის პარალელურად იმართება, ნათქვამია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ვებ-გვერდზე.
MIFA-ს კინობაზრობა ყოველწლიურად იმართება ანსიში, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საკულტო ანიმაციური ფესტივალის Annecy International Animated Film Festival-ის ნაწილი. წელს MIFA ერთ ჭერქვეშ გააერთიანებს ათასზე მეტ კომპანიას მთელი მსოფლიოდან. ყოველწლიურად ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს ანიმაციის სფეროს 10 ათასზე მეტი პროფესიონალი.
ქართულ სტენდს MIFA-ს ბაზრობაზე ეროვნული კინოცენტრი, სამთავრობო პროგრამა „გადაიღე საქართველოში” და ანიმატორთა ასოციაცია „საქანიმა“ წარმოადგენენ.
საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იქნება ქართული ანიმაციის კატალოგი და ვიდეოკლიპი, რომელიც „საქანიმას” წევრი ანიმატორების პროექტების ვიზუალური მასალით შექმნა CAUCASIAN FILM SERVICE-მა.
სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების პროექტების კონკურში მონაწილეობას იღებს პროექტი „იგი“, რეჟისორია ნათია ნიკოლაშვილი (საქართველო, ჩეხეთი), ხოლო მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროექტების სექციის Animation du Munde მონაწილეა პროექტი „შოკოლადი“, რეჟისორი - მედეა შირაქაძე (საქართველო, ეკვადორი).
ანსიში ასევე გაემგზავრნენ ანიმაციური პროექტის განვითარების მეშვიდე ვორქშოპის „ანსი-საქართველოს“ გამარჯვებული ანა მარკოზაშვილი და ვორქშოპის მონაწილე ნინა ჩუბინიშვილი. ქართველი ანიმატორები გამართავენ შეხვედრებს უცხოელ კოლეგებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ ქართული პროექტების გარდა, ანსის კინოფესტივალზე შედგება ქართული მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის „ფრენცის სასადილოს” ჩვენება, რომელიც ფესტივალის მთავარ კონკურსშია წარმოდგენილი. ფილმის რეჟისორია ანა ჩუბინიძე. „ფრენცის სასადილო” შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
გარდა ამისა, ქართულ სტენდზე გამართულ შეხვედრებს დაესწრება ეროვნული კინოცენტრის დირექტორის პირველი მოადგილე მაკო ჭილაშვილი, ასევე რეჟისორი და პროდიუსერი, „საქანიმას” დამფუძნებელი და ევროპული ანიმაციის EMILE ჯილდოს ბორდის წევრი მარიამ კანდელაკი.
წყარო - საქართველოს ეროვნული კინოცენტრი