თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ქართველი მილიარდერის, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების შემოღება ნიშნავს ქართველი ხალხის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
გასულ კვირაში ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, რომლის ერთ-ერთ პუნქტში ივანიშვილის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების შემოღების შესახებ რეკომენდაციაა ჩაწერილი.
„ეს ადამიანები პირდაპირ ცდილობენ ხალხის სანქცირებას... რეალურად ასეთი გადაწყვეტილება – ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების შემოღება პირდაპირ ნიშნავს ხალხზე, იმ საქველმოქმედო პროექტებზე დადებულ სანქციებს, რომელსაც დღესაც ახორციელებს ფონდი „ქართუ“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერმა აღნიშნა, ბოლო წლების მანძილზე ივანიშვილმა ქველმოქმედებაზე 3 მლრდ დოლარი დახარჯა.
„ოპოზიციას ჰქონდა ისტერიკა, როდესაც 2011 წელს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა და „ქართული ოცნება“ დააფუძნა. ასეთივე ისტერიკაა დღესაც იმ ადამიანის მიმართ, რომელიც პოლიტიკიდან წასულია“, – აღნიშნა კობახიძემ.
2021 წლის დასაწყისში ივანიშვილმა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მან მაშინ განაცხადა, თავის მისიას შესრულებულად თვლის და ცხოვრების ჩვეულ წესს უბრუნდება.
კობახიძის თქმით, როდესაც ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა, მან საკუთარ ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებით განცხადებაც გააკეთა და განმარტა, რომ მისი ოჯახის განკარგულებაში მხოლოდ 200 მლნ დოლარი რჩება, დანარჩენი რესურსი კი საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.
პოლიტიკოსის განმარტებით, თანხები ფონდ „ქართუში“ გადადის და იქიდან იხარჯება ქველმოქმედებაზე. როგორც ადრე მილიარდერის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, ივანიშვილი მშვიდად უყურებს მის წინააღმდეგ სანქციების შემოღების საკითხს.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ივანიშვილი პრაქტიკულად 4 მარტიდან ცხოვრობს სანქციების პირობებში, რადგან შვეიცარიული ბანკიდან ფულს ვერ იღებს.
ჯერ კიდევ 2022 წლის 4 მარტს ბენეფიციარებმა მოითხოვეს თანხის გადახდა, რაც შვეიცარიული ბანკ Credit Suisse-ის მიერ დაფუძნებულმა Green Vals Trust-მა მხოლოდ 2022 წლის 4 აპრილს დაამტკიცა, 11 აპრილს კი ბენეფიციარებს თანხები უნდა მიეღოთ.
ივანიშვილის წარმომადგენლის თქმით, ჯერ კიდევ 14 აპრილს მისმა კლიენტმა მიაწოდა ყველა საჭირო ინფორმაცია სატრასტო ფონდიდან მისი დეპოზიტების დაბრუნების შესახებ, მაგრამ 19 მაისს პროცესი კვლავ შეჩერდა, რადგან ბანკის წარმომადგენლებმა ისევ იგივე დოკუმენტები მოითხოვეს.
ადვოკატის განმარტებით, აღნიშნული მხოლოდ ერთ-ერთია იმ ორი პრობლემიდან, რომელიც Credit Suisse-თან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს გააჩნია. კერძოდ, ბერმუდის სასამართლომ ერთი საკითხი უკვე გადაწყვიტა ივანიშვილის სასარგებლოდ და მისი მხარე ელოდება ანალოგიურ გადაწყვეტილებას მსგავს საქმეზე, რომელსაც სინგაპურის სასამართლო განიხილავს.