თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროში მაკროეკონომიკური მოდელირების სამმართველო 8 ივლისიდან ამოქმედდება, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის ბრძანებაში.
ახალი სამმართველოს ფუნქციებში შევა მაკროეკონომიკურ პროგნოზებსა და ქვეყნის განვითარების სტრატეგიაზე დაყრდნობით მომავალი წლის ძირითადი ფისკალური მაჩვენებლების განსაზღვრა, ქვეყნის ეკონომიკური მიზნების შესაბამისი ფისკალური გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის დაგეგმვა.
გარდა ამისა, უწყება მოამზადებს მაკროეკონომიკური რისკების შეფასებებზე დაყრდნობით საშუალოვადიანი ეკონომიკური განვითარების საპროგნოზო სცენარების ანალიზს და რეკომენდაციებს ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ.
ამასთან, ახალი სამმართველო ასევე იმუშავებს სოციალურ-ეკონომიკურ გადაწყვეტილებათა მაკროეკონომიკური შედეგების შეფასებებზე და ქვეყნის მაკროეკონომიკური რისკების ანალიზზე.