თბილისში უცხოელი დიპლომატების პირადი მონაცემები ქუჩაში აღმოჩნდა: რა მოხდა

შემოწმების შედეგად შესაძლო დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებას და შესაბამის საგამოძიებო ორგანოს, განაცხადეს უწყებაში
Sputnik
თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების პირადი მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის სხვა პირთათვის შესაძლო ხელმისაწვდომობის თაობაზე საქმის შესწავლა დაიწყო, ნათქვამია სამსახურის მიერ კვირას გამოქვეყნებულ განცხადებაში.
დიპლომატიური კორპუსის თანამშრომლების პირადი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე აღმოაჩინეს. ეს ფაქტი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სიუჟეტიდან გახდა ცნობილი. როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, მიკროავტობუსი, რომლითაც ყოფილ ბუღალტერს დღგ-ს დაბრუნებისთვის საბუთები გადაჰქონდა, გაუფუჭდა. სანამ ის მანქანის შეკეთებით იყო დაკავებული, გამვლელებმა ქაღალდებით სავსე ყუთები იპოვეს.
„მედიაში აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ვინაიდან სიუჟეტი შეიცავს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხს, დაუყონებლივ დაიწყო აღნიშნულის, მათ შორის, მონაცემის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებული ზომების შესწავლა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამსახურის ცნობით, შემოწმების შედეგად შესაძლო დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებას და შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.
როგორც აუდიტორული კომპანიის ყოფილმა ბუღალტერმა სიუჟეტის ავტორებს განუცხადა, ეს დოკუმენტები გასატანად იყო განკუთვნილი.
მამაკაცის თქმით, რომელმაც კამერაზე სამი შვილის ჯანმრთელობა დაიფიცა, მას პოლიტიკასთან საერთო არაფერი ჰქონდა და მეორე დღესვე დაბრუნდა ყუთების წასაღებად, რომლებიც გახსნილი დახვდა.
მისი თქმით, მან ყუთები „დასკოჩილი“ დატოვა და არ იცის, ვინ გახსნა ეს ყუთები. ბუღალტერი არ გამორიცხავს, რომ პროვოკაცია მოუწყვეს და მზად არის პასუხი აგოს, თუ დამტკიცდა, რომ კანონი დაირღვა.
საბუთებით სავსე ყუთების აღმოჩენის ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ხაბეიშვილიც აღმოჩნდა, რომელმაც დიპლომატების პირადი მონაცემების გაჟონვის ფაქტი დაგმო და გამოძიების დაწყება მოითხოვა.