ბათუმში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მასალა 20 წლის ბიჭს დაეცა

დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
Sputnik
თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. ბათუმში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი სამშენებლო მასალა გამვლელ მამაკაცს თავში დაეცა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
შემთხვევა ბათუმში, კობალაძის ქუჩის N16 ნომერში მოხდა. დაშავებული ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
20 წლის ახალგაზრდას მრავლობითი დაზიანება აქვს. პრობლემურია კეფის არე, სადაც მას სავარაუდოდ, რკინის მასალა დაეცა. დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მშენებლობას კომპანია DS Group-ი ახორციელებს. შემთხვევა, სავარაუდოდ, უსაფრთხოების ნომრების დარღვევამ გამოიწვია.
ამ დროისთვის ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული, ამის შესახებ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ. მათი ნაწილი გამოკითხვაზე იმყოფება.
კომპანია DS Group ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობით არის დაკავებული.
წყარო - ტელეკომპანია „იმედი“