თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ და აზერბაიჯანის ელჩმა თბილისში ფაიგ გულიევმა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს მოსამზადებელი საკითხები განიხილეს.
თბილისში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. აღინიშნა მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.
დარსალიამ და გულიევმა დაადასტურეს, რომ ქვეყნები მზად არიან თბილისსა და ბაქოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს აზერბაიჯანთან სახმელეთო საზღვრის გახსნის საკითხზე და მიღწეულია ბაქოს მიერ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება ავიამგზავრებთან დაკავშირებით.
წყარო - Sputnik-აზერბაიჯანი.