თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბულგარეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ ტოდორ ნედელევს თბილისში მომხდარი ავარიის შემდეგ მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
ნედელევი დაშავდა ორი ავტობუსის შეჯახების შედეგად, რომლებსაც ნაკრები თბილისის აეროპორტიდან სასტუმროში გადაჰყავდა. ფეხბურთელს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია, მის სრულ რეაბილიტაციას სამი თვე დასჭირდება.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წუხს მომხდარი ფაქტის გამო და მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელს“, - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.
სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ„ ფედერაცია ყველა საჭირო დახმარებას უწევს სტუმარი გუნდის წარმომადგენლებს“.
გარდა ამისა, დაშავებული ფეხბურთელის გამხნევებას ქართველი გულშემატკივრები აპირებენ. სოციალურ ქსელში შესანიშნავი ინიციატივა ვრცელდება.
„ტოდორ ნედელევის სათამაშო ნომრის მიხედვით, ანუ მატჩის მე-8 წუთზე აპლოდისმენტებით ვამხნევებთ ბულგარელ ფეხბურთელს, რომელმაც ოპერაცია ახლახან გაიკეთა და რომელსაც თავის ქალა აქვს გატეხილი. როგორც იცით, „დინამო არენაზე“ ანშლაგია, ამიტომ ჩვენი მხრიდან ეს ჟესტი ღირსეული იქნება“, – ამბობენ ავტორები და მოუწოდებენ ყველას, შეუერთდნენ ამ ინიციატივას.
ფეხბურთელი 29 წლისაა. 2017 წლიდან ის პლოვდივის გუნდ „ბოტევში“ თამაშობს. ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებში ნედელევი 2013 წლიდან ასპარეზობს.
2022-2023 წლების ერთა ლიგის თამაში 12 ივნისს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე, თბილისში, დავით პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. საქართველომ პირველი მატჩი ბულგარეთთან ანგარიშით 5:2 მოიგო.
მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია.
წყარო - სფფ