პატრიარქი უკრაინაში ქართველი მებრძოლების გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

არსებული ინფორმაციით, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე 15 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
Sputnik
თბილისი, 11 ივნისი - Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II უკრაინაში ქართველი მებრძოლების გარდაცვალების გამო მათ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე 15 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
„გამოვთქვამთ გულისტკივილს უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების - ვიტალი ორბელაძის, ტელმან (ტატო) ბიგვავას, რატი შურღაიას, გიორგი გრიგოლიას, კირილე შანავასა და დანიელ გერლიანის გარდაცვალების გამო. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულები, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა“, - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გიორგი გრიგოლია საქართველოში გუშინ ჩამოასვენეს. გიორგი გრიგოლიას აბაშაში დღეს 15:00 საათზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ჯარისკაცის ცხედარი აბაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარშია დასვენებული, სადაც დღეს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
41 წლის გიორგი გრიგოლია დონეცკის ოლქში, ბახმუტთან ახლოს საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებს. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.
წყარო - საქართველოს საპატრიარქო