თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ჭარხლის წვენს შეუძლია შეამციროს ანთება სისხლძარღვებში, რომელიც გულის შეტევის რისკს ზრდის, განსაკუთრებით, გულის კორონარული დაავადების მქონე ადამიანებში, წერს British Heart Foundation ლონდონის Queen Mary University-ს მეცნიერებზე დაყრდნობით.
ბრიტანელი მკვლევარების თქმით, ჭარხლის წვენი ზრდის აზოტის ოქსიდის დონეს, რომელიც არეგულირებს არტერიულ წნევას და აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები.
მკვლევართა ჯგუფმა 114 ჯანმრთელი მოხალისე შეისწავლა. მათ ნაწილს მუცლის ტიფის საწინააღმდეგო ვაქცინა გაუკეთეს, რათა სისხლძარღვებში დროებით ანთება გაეძლიერებინათ, ზოგს კი კრემი წაუსვეს — კანზე პატარა ბუშტუკების წარმოსაქმნელად. ამის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეები ერთი კვირის განმავლობაში ყოველ დილით სვამდნენ 140 მლ ჭარხლის წვენს. მათი ერთი ნახევარი (ვაქცინირებულები) ნიტრატების დიდი რაოდენობით შემცველ წვენს სვამდა, ხოლო მეორე ნახევარი (კრემწასმულები) — უნიტრატო წვენს.
შედეგად გაირკვა, რომ ვაქცინირებულებს, რომლებიც ნიტრატებიან ჭარხლის წვენს სვამდნენ, სისხლში, შარდსა და ნერწყვში აზოტის ოქსიდის უფრო მაღალი დონე ჰქონდათ. ამასთან მათ გამოუვლინდათ სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი დონე, რაც ანთების შემცირებაზე მეტყველებდა.
გარდა ამისა, ჭარხლის წვენი ამ ჯგუფის წევრებს დაეხმარა ენდოთელიუმის (სისხლძარღვების შიდა კედლებზე მოფენილი უჯრედები) ფუნქციის აღდგენაში.
მეორე ჯგუფში კანზე ბუშტუკები სწრაფად გაუქრათ როგორც მათ, ვინც უნიტრატო წვენს სვამდა, ისე მათ, ვინც ნიტრატით მდიდარ ჭარხლის წვენს იღებდა. ანთებითი ლეიკოციტების რაოდენობა უკვე სამი დღის შემდეგ შემცირდა.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მოხალისების გამოჯანმრთელება აზოტის ოქსიდმა დააჩქარა, რომლის დონეც ნიტრატით მდიდარი ჭარხლის წვენის წყალობით გაიზარდა.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ ჭარხლის წვენი დიდი შვება იქნება გულის იშემიური დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. ამ დაავადებისთვის სისხლძარღვების ანთებითი პროცესებია დამახასიათებელი, რადგან აზოტის ოქსიდის დონე ეცემა.
„ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ყოველდღიურად ერთი ჭიქა ჭარხლის წვენი შეიძლება იყოს ადამიანის რაციონის არაორგანული ნიტრატებით შევსების ერთ-ერთი გზა, რაც ხელს შეუწყობს მავნე ანთების შეჩერებას“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, დოქტორი ასად შაბირი.
ჭარხლის წვენი მდიდარია ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით და ანტიოქსიდანტებით. ჭარხალში შემავალი არაორგანული ნიტრატები დადებითად მოქმედებს სისხლძარღვებზე და ეხმარება ადამიანის ორგანიზმს, თავი აარიდოს ჯანმრთელობის პრობლემებს.