თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გიორგი გრიგოლია საქართველოში ჩამოასვენეს.
დაღუპული სამხედროს პატივის მისაგებად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი.
41 წლის გიორგი გრიგოლია დონეცკის ოლქში, ბახმუტთან ახლოს საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე 15 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებს. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.