მსოფლიო დღეს

გაეროს სპეცმომხსენებელი: სურსათის ფასები სპეკულაციების გამო იზრდება

Sputnik
თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. მსოფლიოში სურსათზე ფასები სპეკულაციების შედეგად იზრდება, ვინაიდან ფინანსური მოთამაშეები სარგებელს იღებენ ბაზარზე არსებული პანიკისგან, განაცხადა გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა უკიდურესი სიღარიბისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ოლივიე დე შუტერმა.
შუტერის თქმით, ახლა მსოფლიოში მარცვლეულის ტრანზაქციების 80%-ს „ხუთი-ექვსი კომპანია“ აკონტროლებს, ხოლო კერძო ოპერატორები არ ავრცელებენ მონაცემებს თავიანთი რეზერვების შესახებ, რაც სპეკულაციას იწვევს.
მისი აზრით, აუცილებელია „ბაზრების დამშვიდება“ და „მარაგების შესახებ გამჭვირვალობის მიღწევა“.

„ჩვენ გვჭირდება მეტი გამჭვირვალობა მარაგების შესახებ. სურსათის რეზერვების ძირითადი წილი კერძო ოპერატორების, მარცვლეულის მსხვილი მოვაჭრეების ხელშია. ისინი არ იძლევიან იმ ინფორმაციას, რომელიც მთავრობებს სჭირდებათ ბაზრების ნერვიულობის დასამშვიდებლად“, — განაცხადა ოლივიე დე შუტერმა რადიოსადგურ La Premiere-ს ეთერში.

შუტერს მიაჩნია, რომ ფასების ზრდა გამოწვეულია არა საკვების ნაკლებობით, არამედ ბაზარზე არსებული პანიკით, ვინაიდან „უცნობია, როდის დასრულდება კონფლიქტი უკრაინაში“. ფინანსური მოთამაშეები კი „მოგებას იღებენ ამ გაურკვევლობისგან, სპეკულირებენ ზრდით, მექანიკურად აპროვოცირებენ მას“.
სურსათზე მსოფლიო ფასების ზრდა რუსეთსა და უკრაინას შორის შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე დაიწყო. საომარი მოქმედებებისა და სანქციების გამო რუსეთი და უკრაინა, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორიები არიან საერთაშორისო ბაზარზე, მარცვლეულის, სიმინდის, ზეთის და სხვა კულტურების მიწოდებას ვერ ახერხებენ. ამ დროისათვის უკრაინის პორტებში 25 მილიონი ტონა მარცვლეულია ბლოკირებული.