ჯავახიშვილის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.
Sputnik
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. თბილისში 47 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.
შემთხვევა ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე გუშინ, გვიან საღამოს მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცს მოძრავი ავტომობილიდან ესროლეს. დანაშაულის მოტივი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
დაჭრილი მამაკაცი ქართულ-ამერიკულ ჰოსპიტალში მეზობელმა გადაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია და ამჟამად მოთავსებულია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ამჟამად მდგომარეობა არის სტაბილური, თუმცა საყურადღებო. პაციენტს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება“, – განაცხადა კლინიკის ექიმმა ქეთევან არაბიძემ.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.