თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მშვიდად ეკიდება მის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების საკითხს, განაცხადა ბიზნესმენის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა.
ხუთშაბათს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის ერთ-ერთ პუნქტში ივანიშვილის მიმართ ინდივიდუალური სანქციების შემოღების რეკომენდაციაა.
„ჩემი წარმოდგენით, როგორც საქმის შიგნიდან მაყურებლისა, ბიძინა ივანიშვილი შეეგუა კიდეც. მაგრამ შეეგუა არა უსამართლობას, არამედ იოლად შეეგუა ამ ზეწოლას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ, როგორც მანამდე განვაცხადეთ, მხოლოდ სამართლებრივი ხერხების გამოყენებით, მხოლოდ კანონის ენით, მხოლოდ სამართლიანობის მოშველიებით ჩვენ ბოლოში გავალთ. გვქონდა და გვაქვს საქმეზე პროგრესი“, — განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
ადვოკატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვეიცარიულ ბანკთან დავის საქმეში ბევრი წინსვლაა, რაც უახლოეს მომავალში კეთილმოსურნეებს გაახარებს, ხოლო მოწინააღმდეგეებს იმედებს გაუცრუებს.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ივანიშვილი პრაქტიკულად 4 მარტიდან ცხოვრობს სანქციების პირობებში, რადგან შვეიცარიული ბანკიდან ფულს ვერ იღებს.