თამარ გაბუნია: მაიმუნის ყვავილის ერთ საეჭვო შემთხვევაზე კვლევა კვლავ მიმდინარეობს

მაიმუნის ყვავილი ამ დრომდე მსოფლიოს 27 ქვეყანაში 800-მდე პაციენტს გამოუვლინდა.
Sputnik
თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. საქართველოში მაიმუნის ყვავილის ერთ საეჭვო შემთხვევაზე კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და პასუხი, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე იქნება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის აფეთქების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის 13 მაისს გაავრცელა. ვირუსი, განსხვავებით COVID-19-სგან, ახალი არ არის – პირველი შემთხვევა 1970 წელს კონგოში დაფიქსირდა.
საქართველოში მაიმუნის ყვავილით ინფიცირების ორი საეჭვო შემთხვევა 6 ივნისს გამოვლინდა. ინფექცია ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა.

„ევროპაში გავრცელებული შემთხვევების კლინიკური მიმდინარეობა არის მსუბუქი. ამდენად, ამ კუთხით ჩვენ რაიმე სირთულეს არ ველოდებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან კონსულტაციის შემდეგ მივიღეთ პასუხი, რომ ასეთი შემთხვევების მკურნალობისას მედიკამენტური ჩარევა არ არის საჭირო და მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა საკმარისია“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი ინფორმაციით, ამ კვირაში ქვეყანა აღნიშნული ინფექციის გამოსავლენ PCR-ტესტებს ელოდება, რომლებიც პასუხს ორ საათში იძლევა.
მაიმუნის ყვავილი ამ დრომდე მსოფლიოს 27 ქვეყანაში 800-მდე პაციენტს გამოუვლინდა.
Monkeypox (მაიმუნის ყვავილი) იშვიათი ზოონოზური ვირუსული ინფექციაა, რომლის სიმპტომებიც ძალიან ჰგავს ჩვეულებრივი ყვავილის სიმპტომებს. მაიმუნის ყვავილის ვირუსი ადამიანს ავადმყოფის ინფიცირებით დაზიანებულ კერებთან, ბიოლოგიურ სითხეებთან და ვირუსით დაბინძურებულ ქსოვილებთან (მაგალითად, ლოგინის თეთრეული) მჭიდრო კონტაქტითა და ასევე ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა. საინკუბაციო პერიოდი 6-13 დღეს მოიცავს, თუმცა შესაძლოა 5-21 დღემდე გაგრძელდეს. მაიმუნის ყვავილის ეპიდემიის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1%-დან 10%-მდე მერყეობს.
მაიმუნის ყვავილს ახასიათებს გრიპის მაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება.1-3 დღეში სახეზე ჩნდება გამონაყარი, რომელიც მთელ სხეულზე ვრცელდება და თანდათანობით სითხიან ბუშტუკებს აჩენს. ამ ტიპის გამონაყარი გარკვეული პერიოდის შემდეგ ქრება და მის ადგილზე წარმოიქმნება ნაწიბურები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება.
დიაგნოსტიკა ხდება PCR–ტესტირების მეთოდით. გადამტანად გვევლინებიან მღრღნელები და პრიმატები.