პარიზის პროკურატურამ Kinder-ის მწარმოებლის მიმართ გამოძიება დაიწყო

საქართველოში სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა მაისში 472 კილოგრამი Kinder Shokobons ამოიღეს.
Sputnik
თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. პარიზის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება კომპანია Ferrero-ს მიმართ მას შემდეგ, რაც რამდენიმე ბავშვს Kinder-ის პროდუქციის მიღების შემდეგ სალმონელოზი გამოუვლინდა, იტყობინება სააგენტო France-Presse პროკურატურაზე დაყრდნობით.
კომპანიას ბრალად ედება „მოტყუება, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, სხვა ადამიანების ფიზიკური ხელშეუხებლობის უნებლიე ხელყოფა და სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა“.
გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა მომხმარებელთა დაცვის ასოციაცია Foodwatch France-ის მიერ 19 მაისს შეტანილი საჩივარი.
კომპანია ეჭვმიტანილია იმაში, რომ დაგვიანებით შეატყობინა ხელისუფლებას და ამოიღო პროდუქცია, ვინაიდან ბელგიის ქალაქ არლონში მდებარე ქარხანაში სალმონელა 2021 წლის 15 დეკემბერს დაფიქსირდა, ხოლო პოტენციურად საშიში პროდუქციის ამოღების შესახებ მხოლოდ 5 აპრილს გამოცხადდა.

სიტუაცია საქართველოში

მაისის დასაწყისში Kinder-ის საეჭვო პარტიის ამოღება საქართველოშიც მოხდა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით ახალი შეტყობინება 28 აპრილს მიიღო, რის შემდეგაც მყისიერად დაიწყო კონკრეტული პარტიის გამოვლენის პროცედურები.
29 აპრილს ინსპექტორებმა განახორციელეს არაგეგმიური ინსპექტირება იმპორტიორ კომპანიაში „ბიდი კომპანი“, რომელიც შეტყობინებაში იყო მითითებული.
იყავით ფრთხილად! საქართველოში „კინდერის“ საეჭვო პარტია გამოვლინდა >>
ინსპექტორებმა სადისტრიბუციო-სასაწყობო ობიექტზე შემოწმებისას დალუქეს Kinder Schokobons-ის პარტიის 472 კილოგრამი პროდუქცია.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მსგავსი შეტყობინება მიმდინარე წლის 7 აპრილსაც მიიღო, თუმცა მაშინ საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე აღნიშნული პროდუქტის არცერთი საეჭვო პარტია არ გამოვლენილა.

რეაქცია მსოფლიოში

8 აპრილს ბელგიის სურსათის უვნებლობის სააგენტომ სალმონელოზის ათობით შემთხვევის გამო არლონში მდებარე Ferrero-ს შოკოლადის ქარხნის მუშაობა შეაჩერა, რომელიც Kinder-ის პროდუქციას აწარმოებდა.
ბელგიის ხელისუფლებამ დაადგინა პირდაპირი კავშირი სალმონელის ინფექციებსა და ამ ქარხანაში წარმოებას შორის.
მსგავსი ზომები ასევე შეეხო დიდ ბრიტანეთს და ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყანას, მათ შორის, ესპანეთს, ირლანდიას, ბელგიას, საფრანგეთს, გერმანიას და ლუქსემბურგს. გარდა ამისა, შეერთებულ შტატებში მოიხსნა ზოგიერთი სახის პროდუქცია, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარში – შოკოლადის დიდი კვერცხები, ავსტრალიაშიც Kinder Surprise-ის ზოგიერთი სახეობა მოიხსნა დახლებიდან.