არქტიკულმა საბჭომ მუშაობა რუსეთის გარეშე განაახლა - ანტონოვის კომენტარი

Sputnik
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. არქტიკული საბჭოს გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება რუსეთის მონაწილეობის გარეშე, არალეგიტიმური იქნება, განაცხადა რუსეთის ელჩმა აშშ-ში ანატოლი ანტონოვმა.
მანამდე არქტიკულმა საბჭომ განაცხადა, რომ მუშაობას რუსეთის მონაწილეობის გარეშე განაახლებს.
ანტონოვის აზრით, შორეული ჩრდილოეთის პრობლემების დარეგულირება რუსეთის გარეშე შეუძლებელია, და ამას მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს.

„რუსეთის გარეშე შორეული ჩრდილოეთის პრობლემების ეფექტურად მოგვარება უბრალოდ შეუძლებელია. მიზეზი აშკარაა — არქტიკის რუსულ ნაწილში, რომელიც რეგიონის მთელი ტერიტორიის დაახლოებით 60%-ს იკავებს, არქტიკის ძირძველი მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს. მაღალ განედებში მთელი ეკონომიკური აქტივობის 70%-ზე მეტი ხორციელდება“, — ციტირებს ანტონოვის სიტყვებს რუსეთის საელჩოს Telegram-არხი.

ელჩის აზრით, არქტიკული საბჭოს მიერ რუსეთის გარეშე გადაწყვეტილებების მიღება „არღვევს მისი მმართველობითი დოკუმენტებით გათვალისწინებულ კონსენსუსის პრინციპს“, და ასევე არალეგიტიმურად ჩაითვლება.
ანტონოვის თქმით, არქტიკულ საბჭოში მუშაობის ფორმატი „უფრო და უფრო პოლიტიზებული ხდება“.
არქტიკული საბჭო — საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს თანამშრომლობას პოლარულ რაიონებში გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სფეროში. საბჭოში შედიან: კანადა, დანია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია, შვედეთი, აშშ და რუსეთი.
3 მარტს საბჭომ მუშაობა შეწყვიტა — უკრაინაში რუსეთის „სამხედრო სპეცოპერაციის“ საპასუხოდ. 8 ივნისს წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ მუშაობა განაახლეს, თუმცა რუსეთის მონაწილეობის გარეშე.