თბილისი, 8 ივნისი − Sputnik. მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა და სტაგფლაციის რისკის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა, იუწყება სააგენტო Reuters.
ახალი პროგნოზით, გლობალური ეკონომიკური ზრდის ტემპი 2022 წელს 2,9% იქნება, რაც იანვარში გაკეთებულ პროგნოზზე 1,2%-ით ნაკლებია. ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო ბანკის დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში „მსოფლიო ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები“.
მსოფლიო ბანკის ექსპერტების თქმით, გლობალური ეკონომიკის შენელებას, COVID-19-ის პანდემიასთან ერთად, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმაც შეუწყო ხელი.
როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, მსოფლიო ეკონომიკა სუსტი ზრდისა და მაღალი ინფლაციის პოტენციურ გაჭიანურებულ პერიოდში შედის. ეს ყოველივე კი ზრდის სტაგფლაციის* რისკს, რასაც პოტენციურად დამღუპველი შედეგები ექნება როგორც დაბალი, ისე საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის.
ბანკის სპეციალისტების ვარაუდით, გლობალური ზრდა 2021 წლის 5,7%-იანი მაჩვენებლიდან წელს 2,9%-მდე შემცირდება და ამ მაჩვენებლის ირგვლივ იქნება მომდევნო 2023-2024 წლებშიც.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, განვითარებულ ქვეყნებში ზრდის ტემპები მკვეთრად შემცირდება და 2021 წლის 5,1%-იანი მაჩვენებლიდან 2,6%-მდე დაიწევს. ასევე შენელდება ზრდის ტემპები განვითარებადი ბაზრებისა და ეკონომიკების ქვეყნებში − 2021 წლის 6,6%-დან 3,4%-მდე, რაც საკმაოდ დაბალი ნიშნულია 2011-2019 წლების საშუალოწლიურ მაჩვენებელთან შედარებით (4,8%).
მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის დევიდ მალპასის თქმით, რეცესიის თავიდან აცილება ბევრ ქვეყანას გაუჭირდება. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია წარმოების სტიმულირება და ვაჭრობის შეზღუდვების თავიდან აცილება.
*სტაგფლაცია – ინფლაციის მაღალი ტემპი, რომელსაც თან ერთვის წარმოების სტაგნაცია და უმუშევრობის მაღალი დონე; იგი ხასიათდება ფასებისა და უმუშევრობის დონის ერთდროული ზრდით.
წყარო: Reuters