GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
Sputnik
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. წყლის მიწოდება, რომელიც მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ძლიერი წვიმით გამოწვეული დატბორვის გამო მოსახლეობის ნაწილს შეუწყდა, ნაწილობრივ აღდგენილია, ხოლო სრულად რამდენიმე საათში ეტაპობრივად აღდგება. ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
გუშინ უხვი ნალექის გამო დაიტბორა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საგურამოს სათავე ნაგებობა, რამაც შექმნა სასმელი წყლის ამღვრევის საფრთხე. წყლის ამღვრევის პრევენციის მიზნით წყალმომარაგება შეწყდა.
კომპანიის ცნობით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საგურამოს სათავე ნაგებობაზე ჩატარდა აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები.

„მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა წყალმომარაგების სისტემისა და ქსელის ინტენსიური რეცხვა, რის შემდეგაც წყლის ხარისხი შემოწმდა ლაბორატორიულად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.