ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავტომობილების მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია

ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის ლეჩური–ომალოს მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
Sputnik
თბილისი, 8 ივნისი − Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის ლეჩური–ომალოს მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ლეჩური–ომალოს მონაკვეთზე ხევის ადიდების შედეგად ღვარცოფი მოვარდა და გზის მონაკვეთი დააზიანა. ამის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.
რაც შეეხება საავტომობილო გზის ფშაველი–ლეჩურის მონაკვეთს, აქ ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზა რთული რელიეფისა და კლიმატის გამო, როგორც წესი, ოქტომბრის შუა რიცხვებში იკეტება და მხოლოდ მაისის შუა რიცხვებში იხსნება. ეს გზა ერთადერთია, რომელიც თელავსა და მაღალმთიან სოფელ ომალოს აკავშირებს. მისი სიგრძე 72 კილომეტრია.
წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი