„ბილაინ საქართველოს“ ახალი მფლობელი ჰყავს

მობილური კავშირის ოპერატორის აქციების შეძენა ქართველ ბიზნესმენს 45 მილიონი დოლარი დაუჯდა.
Sputnik
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. მობილური კავშირის ოპერატორმა „ბილაინ საქართველომ“ მფლობელი შეიცვალა – ახლა ის ეკუთვნის ცნობილი ქართველი ბიზნესმენის ხვიჩა მაქაცარიას კომპანიას CBS Groop-ს, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ბილაინ საქართველოს“ მფლობელის შეცვლაზე წინასწარი თანხმობა ჯერ კიდევ მარტის ბოლოს გასცა.
ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებული გარიგების პირობების თანახმად, CBS Groop-მა შეიძინა WATERTRAIL INDUSTRIES LTD-ს და Investico Alliance LTD-ს აქციები, რომელთაც ეკუთვნით კომპანია VEON Georgia Holding B.V. ეს უკანასკნელია „ბილაინ საქართველოს“ მფლობელი.
გარიგების თანხამ 45 მილიონი დოლარი შეადგინა, აღნიშნა VEON-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ქაან თერზიოლმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ჩვენ წარმატებით დავასრულეთ შეთანხმება ყოფილი ადგილობრივი პარტნიორებისთვის ჩვენი შვილობილი კომპანიის მიყიდვის თაობაზე. ეს ტრანზაქცია მორიგი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ჯგუფის ოპერაციების გასამარტივებლად“, – აღნიშნა თერზიოლმა.

„ბილაინ საქართველო“ საქართველოს მობილური ოპერატორების ბაზარზე მესამე ადგილს იკავებს – 1 მარტის მონაცემებით, კომპანიას ჰყავდა დაახლოებით 1,3 მილიონი აბონენტი, რაც საქართველოში არსებული აბონენტების საერთო რიცხვის 24,5%-ს შეადგენს.
ხვიჩა მაქაცარია არის ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, რომელსაც აქვს წილები ისეთ კომპანიებში, როგორიცაა Telasi, Tbilisi Energy, GSN, „თბილისის მიკროავტობუსი“, საქართველოს ეროვნული ლატარია, Caucasus Online, Tbilisi Mall, Global Utilite Solutions, Georgian Hotels Manager Group და სხვ.