თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. თბილისის პოლიციამ საქართველოს პარლამენტის წევრის, რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ხათუნა სამნიძისა და პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დავით ბერძენიშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული დააკავა, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.
შემთხვევა დღეს დილით თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ტაძართან მოხდა. რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს აგრესიულად განწყობილმა ორმა მამაკაცმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიტიკოსებს დახმარებისთვის პოლიციის გამოძახება მოუწიათ.
„თავს დაგვესხა ორი კაცი რუსთაველზე და იყო გინება, ხელით შეხება. მეტს ვერც ვწერ, ისე ვარ. პატრული მოვიყვანე. ხმა აღარ მაქვს“, - დაწერა სამნიძემ სოციალურ ქსელში.
მედიის ინფორმაციით, დაკავებული ირაკლი ხომასურიძეა, რომელიც ცნობილია თავისი რადიკალური განცხადებებით ლგბტ-თემის მისამართით. კერძოდ, ხომასურიძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2019 წელს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში. ფილმი ორი მოცეკვავის არატრადიციულ სიყვარულს ეძღვნება.
ხათუნა სამნიძე და დავით ბერძენიშვილი პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე საათის განმავლობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. დავით ბერძენიშვილის თქმით, ის და ხათუნა სამნიძე დაზარალებულად ცნეს.
მეორე თავდამსხმელის ვინაობის ან მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
სამნიძის თქმით, თავდამსხმელები იმუქრებოდნენ, რომ ის და დავით ბერძენიშვილი თბილისის ქუჩებში მარტო, დაცვის გარეშე ვერ გაივლიდნენ.
ორივე დაზარალებული მიიჩნევს, რომ მათზე თავდასხმა პოლიტიკური მიზეზით მოხდა.