ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოსტზე დაინიშნა

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგენით პარლამენტი 7 წლის ვადით ირჩევს.
Sputnik
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა 80 ხმით 9-ის წინააღმდეგ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა დაამტკიცა.
ნათია თურნავას მინისტრის პოსტი 2019 წლის 18 აპრილიდან 2022 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში ეკავა.
გადადგომის შესახებ განცხადება თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. როგორც მაშინ მან აღნიშნა, სურს შეიცვალოს საქმიანობის სფერო და საკუთარი ძალები სხვაგან მოსინჯოს.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგენით პარლამენტი 7 წლის ვადით ირჩევს.

ნათია თურნავას კარიერა

ნათია თურნავა დაიბადა 1968 წლის 19 ოქტომბერს.
1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, 1994 წელს ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი დაიცვა.
2005-2006 წლებში გაიარა ჰარვარდისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროფესიული სასწავლო კურსები. 2014 წელს დაამთავრა გაერთიანებული სამეფოს კამბრიის უნივერსიტეტისა და რობერტ კენედის კოლეჯის (ციურიხი) ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა და ბიზნეს-ადმინისტრირების მაგისტრი გახდა.
1994-1996 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი. კითხულობდა ლექციებს ეკონომიკის სხვადასხვა დისციპლინაში საქართველოს უმაღლეს სკოლაში.
1997-2000 წლებში საქართველოს მთავრობაში იყო სახელმწიფო მრჩეველი, ეკონომიკური სამსახურის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოადგილე, ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი.
1998-2000 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
2000-2005 წლებში თურნავა ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა.
2005 წლის მაისში საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა.
2005 წლის სექტემბრიდან 2006 წლის ნოემბრამდე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
2006-2013 წლებში იყო შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალური დირექტორი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
2013 წლის აგვისტოდან 2018 წლის სექტემბრამდე თურნავა „საქართველოს საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო.
2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იყო.
2019 წლის აპრილში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გახდა.
თურნავა 40 სამეცნიერო ნაშრომის, სტატიისა და მონოგრაფიის ავტორია. გარდა ამისა, ორი წიგნის თანაავტორია.
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
დაქორწინებულია, ჰყავს ერთი შვილი.