პესკოვი: უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტზე მკაფიო მონახაზები არ არსებობს

Sputnik
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გატანის გეგმისადმი მიდგომებში ჯერჯერობით მკაფიო მონახაზები არ არსებობს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„ჯერჯერობით არანაირი მონახაზი არ არსებობს. არის პრეზიდენტ პუტინის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ამ შემთხვევაში უკრაინამ უნდა განაღმოს პორტებთან მისადგომები. ეს გემებს საშუალებას მისცემს (ჩვენი სამხედროების მიერ სათანადო შემოწმების შემდეგ, რომ ამ გემებს იქ იარაღი არ მოაქვთ) შევიდნენ პორტში, ჩატვირთონ მარცვლეული და შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, თუნდაც ჩვენი დახმარებით, საერთაშორისო წყლებისკენ გაემართონ“, — განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მან გაიხსენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სიტყვები, რომ რუსეთი არ გამოიყენებს განაღმულ დერეფნებს შეტევითი ოპერაციებისთვის.
„უკრაინის წარმომადგენლების მხრიდან უნდობლობის გამომხატველი სიტყვები ისმის. ჩვენ მოვისმინეთ ასეთი განცხადებები“, — აღნიშნა პესკოვმა.
გაერომ არაერთხელ განაცხადა, რომ მარცვლეულის დეფიციტის გამო მსოფლიოს სასურსათო კრიზისი ემუქრება. დასავლეთმა რუსეთი დაადანაშაულა მსოფლიო ბაზრებზე უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის პრობლემებში, რასაც მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს. ამ დროისათვის უკრაინის პორტებში დაახლოებით 20 მილიონი ტონა ხორბალია ბლოკირებული.