ბატუტზე ხტომა: ქართველმა იუნიორებმა იტალიაში წარმატებით იასპარეზეს

Sputnik
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. იტალიის ქალაქ რიმინში გამართულ ბატუტზე მხტომელთა შორის იუნიორთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გუნდურ პირველობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
იტალიაში ევროპის ჩემპიონატი 1–6 ივნისს გაიმართა. ტურნირზე პირველი მედლები ქართველმა ტანმოვარჯიშეებმა 3 ივნისს მოიპოვეს – მაია ბოჭორიძემ და ანა ლაპიაშვილმა სინქრონულ ხტომებში ოქროს მედლები აიღეს, ხოლო ანანო აფაქიძისა და თეონა ჯანჯღავას დუეტი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატამდე რიმინიში მსოფლიო თასის გათამაშება გაიმართა, სადაც ანანო აფაქიძემ და თეონა ჯანჯღავამ ქალთა შორის სინქრონულ ხტომებში ტურნირი მოიგეს. ამასთან, ანანო აფაქიძემ ბრინჯაოს მედალი აიღო ინდივიდუალურ ხტომებშიც.