თემურ ჩხეიძეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

Sputnik
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. გამოჩენილ ქართველ რეჟისორს თემურ ჩხეიძეს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში 9 ივნისს დაკრძალავენ, ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
5 ივნისს ცნობილი ქართველი რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი და თბილისის საპატიო მოქალაქე თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვიდი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დღეს გაიმართება.
თემურ ჩხეიძემ 1965 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1965-1967 წლებში მუშაობდა შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულ თეატრში. 1970-1980 წლებში იყო რუსთაველის თეატრის რეჟისორი, ხოლო 1980-1990 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1991 წლიდან იყო სანქტ-პეტერბურგის დიდი თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან – მთავარი რეჟისორი, 2007 წლიდან – სამხატვრო ხელმძღვანელი. 2013 წლის 19 თებერვალს თემურ ჩხეიძემ დატოვა თანამდებობა და თბილისში დაბრუნდა.
ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში დადგმული აქვს 70-ზე მეტი სპექტაკლი. შესრულებული აქვს მთავარი როლი ფილმში „მშობლიურო ჩემო მიწავ“ (რაიკომის მდივანი). არის საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტი.
სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და მედალი. მათ შორისაა ილიას მედალი, რუსეთის ფედერაციის ღირსების ორდენი, საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, საპატიო ნიშნის ორდენი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, საქართველოს თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი“ და სხვ. ასევე მიღებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის ტიტული.