საქართველოში პირველი სახელობითი ნაკრძალი გაჩნდება

საქართველოში პირველ სახელობით დაცულ ტერიტორიას ქართველი მეცნიერის, ცნობილი გარემოსდამცველისა და პოეტის ნუგზარ ზაზანაშვილის სახელი მიენიჭება.
Sputnik
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიასა და აზერბაიჯანი-საქართველოს სახელმწიფო საზღვარს შორის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების კატეგორიის დაცული ტერიტორია შეიქმნება, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საქართველოს მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე მოიწონა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი „ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ”.
საქართველოში პირველ სახელობით დაცულ ტერიტორიას ქართველი მეცნიერის, ცნობილი გარემოსდამცველისა და პოეტის ნუგზარ ზაზანაშვილის სახელი მიენიჭება.
სწორედ ნუგზარ ზაზანაშვილის უშუალო ჩართულობით შეიქმნა ქვეყანაში მრავალი დაცული ტერიტორია. მისი ზედამხედველობით სამუხის ველზე 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს ქურციკის (ჯეირანის) აღდგენის პროექტი.
1990-იანი წლებისთვის ქურციკი საქართველოში სრულად გადაშენდა. 2013 წლიდან საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გერმანიის მთავრობის ფინანსური დახმარებით, ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF), დაცული ტერიტორიების სააგენტოს და სხვა მრავალი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით ამ სახეობის აღდგენის პროექტი დაიწყო.
დღეისათვის სამუხის ველზე და მიმდებარე ტერიტორიებზე უკვე დაახლოებით 200 ქურციკი ბინადრობს. წელს უკვე ლიკლიკების მერვე თაობა დაიბადა. ქურციკის აზერბაიჯანიდან რეინტროდუქცია (სახეობის კვლავ დაბრუნება/აღდგენა) ითვლება ყველაზე წარმატებულ საკონსერვაციო და აღდგენის პროექტად საქართველოში.
დაცული ტერიტორიის შექმნა ხელს შეუწყობს ამ რეგიონში ქურციკის პოპულაციის გრძელვადიან გადარჩენას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ეკოტურიზმის განვითარებას და ტრადიციული მეცხვარეობის სტაბილურ განვითარებას.
წყარო - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო