საგარეო უწყება: მტკიცედ გვაქვს განზრახული ბელგიასთან კავშირების გაღრმავება

ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ადამიანის უფლებების, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში.
Sputnik
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველო ბელგიასთან კავშირების გაღრმავებას აპირებს.
საქართველოსა და ბელგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30 წელი შესრულდა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

„ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ჩვენ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოების მოწმენი გავხდით, რომელიც დამყარებულია საერთო ღირებულებებსა და პრინციპებზე. მტკიცედ გვაქვს განზრახული კავშირები გავაღრმავოთ მომავალ წლებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის დამყარდა 1992 წლის 5 ივნისს. ბელგიის სამეფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა 1993 წელს გაიხსნა.
საქართველოსა და ბელგიას შორის ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობები ბოლო წლების განმავლობაში თანდათან უფრო გააქტიურდა.
ქვეყნებს შორის აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა ადამიანის უფლებების, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში, იდგმება ნაბიჯები ბელგიაში საქართველოსა და ქართული კულტურის ცნობადობის გაზრდის მიზნით.
ქვეყნებს შორის აქცენტი კეთდება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზეც.