თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტები თითოეული იმ სტუდენტის საქმეს განიხილავენ, ვისაც საცხოვრებლის გამო გამოცდების დასწრებულად ჩაბარების პრობლემა აქვს, განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
რეგიონებიდან ჩამოსულმა სტუდენტებმა არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქცია გამოცდების დისტანციურად ჩაბარების მოთხოვნით. მათი თქმით, თბილისში უძრავ ქონებაზე ფასები გაიზარდა, რის შედეგადაც მათ დედაქალაქში ბინის დაქირავება უჭირთ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა აქვე ამგვარი სტუდენტებისთვის შეღავათებიც დააწესა.
„ყველა შემთხვევა, როდესაც სტუდენტს ექნება პრობლემა ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ექნება რაღაც სერიოზული მიზეზი, რის გამოც ვერ აბარებს გამოცდას, ფაკულტეტის მიერ ინდივიდუალურად იქნება განხილული. მივიღებთ ყველანაირ ზომებს, რათა სტუდენტს დიკომფორტი არ შეექმნას“, – განაცხადა შარვაშიძემ.
რექტორის განცხადებით, მსოფლიოში არცერთი უმაღლესი სასწავლებელი არ ამბობს, რომ ონლაინ ჩაბარებული გამოცდა ეფექტურია.
„ჩვენ არანაირი მექანიზმით არ შეგვიძლია მივაღწიოთ იმას, რომ ერთნაირი პირობები შევქმნათ მათთვის, ვინც გამოცდას აბარებს ონლაინ და ვინც არ აბარებს ონლაინ. კამერით ვერ შევძლებთ შევამოწმოთ სტუდენტი ნამდვილად აბარებს თუ არა გამოცდას. გამოცდების პროცესი არის სწავლების და შეფასების მნიშვნელოვანი ნაწილი“, – აღნიშნა შარვაშიძემ.
რექტორი ასევე შეეხო საერთო საცხოვრებლების თემას. თბილისში ორი სტუდენტური საერთო საცხოვრებელია, მათ შორის ერთი ახალია, სადაც ამჟამად 60 თავისუფალი ადგილია.
რაც შეეხება ბაგებში არსებულ ძველ საერთო საცხოვრებელს, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ შენობა აღდგენას არ ექვემდებარება და საჭიროა ახლის აშენება.
შარვაშიძის თქმით, როდესაც თსუ სწავლების ჩვეულ, დასწრებულ ფორმატზე სრულად გადავა, სტუდენტებს რამდენიმე ვარიანტს შესთავაზებს. კერძოდ, თუ სტუდენტს თბილისში ჩამოსვლა არ შეუძლია, მას საშუალება ეძლევა ჩავიდეს ქუთაისში ან ახალციხეში, სადაც რეგიონებიდან ჩასვლა გაცილებით ნაკლებ ხარჯსა და დროს მოითხოვს და იქ ჩააბაროს გამოცდები.
„ეს ყველაფერი ძალიან ღრმა ანალიზის საფუძველზე გაკეთდა. გვინდა, რომ ხარისხი, რომელიც თსუ-ში არსებობს, შევინარჩუნოთ და შევეცადოთ, რომ ამ პროცესში ყველა სტუდენტი იყოს ჩართული“, – განაცხადა შარვაშიძემ.
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, სტუდენტებს, ვისთვისაც საგამოცდო ცენტრებამდე მისვლა გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, შესაძლებლობა ექნებათ ფინალური გამოცდების პერიოდში ერთი თვის ვადით საერთო საცხოვრებელში უფასოდ იცხოვრონ.
ამასთან, საგამოცდო პერიოდის განმავლობაში საერთო საცხოვრებლის გადასახადისგან გათავისუფლდებიან ის სტუდენტებიც, რომლებიც ამჟამადაც ცხოვრობენ საერთო საცხოვრებელში.
კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოს განათლების სისტემა მუშაობის ახალ რეჟიმზე გადავიდა. თავიდან ყველა სასწავლო დაწესებულება ონლაინ-რეჟიმში მუშაობდა, თუმცა ეპიდვითარების გაუმჯობესებასთან ერთად ზოგიერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლა.
ამ ეტაპზე თითოეული უნივერსიტეტი თავად წყვეტს, თუ როგორ წარიმართება სასწავლო პროცესი – ონლაინ, ჰიბრიდულ თუ დასწრებით ფორმატში.
ამ დროისათვის თსუ-ის შვიდ ფაკულტეტზე დაახლოებით 22 ათასი სტუდენტი სწავლობს.