თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოში ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიები შეიქმნება, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს მთავრობამ მოიწონა.
„ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ტანასა და თეძამის ხეობებში 32.850 ჰექტარ ფართობზე ტანას აღკვეთილისა (საერთო ფართობია 10.986 ჰექტარი) და ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტის (საერთო ფართობია 21.864 ჰექტარი) დაარსებას.
ტანასა და თეძამის ხეობები წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის, გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის სახეობების მრავალფეროვნებით, სადაც გავრცელებულია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ფლორისა და ფაუნის სახეობები.
უწყებაში თვლიან, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია ტანასა და თეძამის ხეობებში დაცული ტერიტორიის შექმნა.
დაცულ ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი იქნება უნიკალური ეკოსისტემების დაცვა, ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის შენარჩუნება, ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი სარგებლობა, ტერიტორიაზე ტურისტულ‐რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარება და რეკრეაციული პოტენციალის სრულად ათვისება, რაც, შესაბამისი რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა-განვითარების პირობებში, მნიშვნელოვანი შემოსავლების მიღების წყარო იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის.