თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოში მაიმუნის ყვავილით ინფიცირების ორი საეჭვო შემთხვევიდან ერთი არ დადასტურდა, მეორე შემთხვევა კვლევის პროცესშია, განუცხადა „პირველ არხს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.
იმნაძემ თავი შეიკავა იმ შემთხვევის დეტალებზე საუბრისგან, რომელიც ჯერ კიდევ კვლევის ეტაპზეა. უცნობია ასევე, ჰქონდა თუ არა პაციენტს მოგზაურობის ისტორია.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კონტროლზეა აყვანილი გამონაყარით მიმდინარე შემთხვევები. ამ კვირაში კი ქვეყანა ელოდება აღნიშნული ინფექციის გამოსავლენ PCR-ტესტებს, რომლებიც პასუხს ორ საათში იძლევა.
მაიმუნის ყვავილისთვის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი გამონაყარია. ამ საკითხთან დაკავშირებით სამედიცინო დაწესებულებებს დაეგზავნათ შესაბამისი ცირკულარი, რომელიც სავარაუდო და დადასტურებული შემთხვევების განსაზღვრებას მოიცავს.
მაიმუნის ყვავილი ამ დრომდე მსოფლიოს 27 ქვეყანაში 800-მდე პაციენტს გამოუვლინდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის აფეთქების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის 13 მაისს გაავრცელა. ვირუსი, განსხვავებით COVID-19-სგან, ახალი არ არის – პირველი შემთხვევა 1970 წელს კონგოში დაფიქსირდა.
Monkeypox (მაიმუნის ყვავილი) იშვიათი ზოონოზური ვირუსული ინფექციაა, რომლის სიმპტომებიც ძალიან ჰგავს ჩვეულებრივი ყვავილის სიმპტომებს. მაიმუნის ყვავილის ვირუსი ადამიანს ავადმყოფის ინფიცირებით დაზიანებულ კერებთან, ბიოლოგიურ სითხეებთან და ვირუსით დაბინძურებულ ქსოვილებთან (მაგალითად, ლოგინის თეთრეული) მჭიდრო კონტაქტითა და ასევე ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა. საინკუბაციო პერიოდი 6-13 დღეს მოიცავს, თუმცა შესაძლოა 5-21 დღემდე გაგრძელდეს. მაიმუნის ყვავილის ეპიდემიის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1%-დან 10%-მდე მერყეობს.
მაიმუნის ყვავილს ახასიათებს გრიპის მაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება.1-3 დღეში სახეზე ჩნდება გამონაყარი, რომელიც მთელ სხეულზე ვრცელდება და თანდათანობით სითხიან ბუშტუკებს აჩენს. ამ ტიპის გამონაყარი გარკვეული პერიოდის შემდეგ ქრება და მის ადგილზე წარმოიქმნება ნაწიბურები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება.
დიაგნოსტიკა ხდება PCR–ტესტირების მეთოდით. გადამტანად გვევლინებიან მღრღნელები და პრიმატები.