მსოფლიო დღეს

აშშ-ში ენერგეტიკაში არსებული სიტუაციის გამო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა

ჯო ბაიდენმა აზიის ქვეყნებიდან მზის ბატარეების იმპორტი საბაჟო გადასახადისგან კიდევ ორი წლით გაათავისუფლა.
Sputnik
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყანაში ელექტროგენერაციის სიმძლავრეების შესაძლო დეფიციტთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ბაიდენი უთითებს „მრავალ ფაქტორზე“, რომლებიც საფრთხეს უქმნის აშშ-ის შესაძლებლობებს, აწარმოოს მომხმარებელთა მოსალოდნელი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად საჭირო ელექტროენერგია.

„მე, ჯოზეფ რ. ბაიდენი-უმცროსი, აშშ-ის პრეზიდენტი, აშშ-ის კონსტიტუციითა და კანონებით მონიჭებული ძალაუფლებით... ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომლებიც ემუქრება სამომხმარებლო მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ელექტროგენერაციის საკმარისი სიმძლავრეების არსებობას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

პრობლემის გადასაჭრელად ბაიდენმა ორი წლით გაათავისუფლა საბაჟო გადასახადისგან „გარკვეული სახის მზის ელემენტები და მოდულები“, იმპორტირებული კამბოჯიდან, მალაიზიიდან, ტაილანდიდან და ვიეტნამიდან.
მანამდე მან აამოქმედა კანონი თავდაცვითი მრეწველობის შესახებ აშშ-ში მზის ბატარეების წარმოების წასახალისებლად.