თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. საქართველოში მყოფი ყაზახეთის მოქალაქეები დღეს კონსტიტუციაში ცვლილებების საკითხზე რესპუბლიკურ რეფერენდუმში მონაწილეობენ, იუწყება საქართველოში ყაზახეთის საელჩო.
საარჩევნო უბანი იმუშავებს 7:00-დან 20:00 საათამდე ყაზახეთის საელჩოში მისამართზე - თბილისი, ლვოვის ქუჩა, 77.
ამომრჩევლებმა უნდა უპასუხონ ერთადერთ კითხვას: „არის თუ არა თქვენთვის მისაღები ცვლილებები და დამატებები ყაზახეთის კონსტიტუციაში?“
როგორც საელჩოში Sputnik-საქართველოს მანამდე განუცხადეს, მათთან მუდმივ აღრიცხვაზეა ყაზახეთის 82 მოქალაქე.
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ ტოკაევი 29 აპრილს ყაზახეთის სახალხო ასამბლეის სესიაზე გამოვიდა წინადადებით, საყოველთაო რეფერენდუმზე გავიდეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების საკითხი, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის პოლიტიკური სისტემის მოდერნიზებასა და დემოკრატიზაციას.
ყაზახეთის ყველა მოქალაქეს, რომელსაც 18 წელი შეუსრულდა და აქვს აქტიური საარჩევნო უფლება, რეფერენდუმში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლება აქვს.
რას აძლევენ ხმას ყაზახეთის მოქალაქეები
ცვლილებები მიზნად ისახავს საბოლოო გადასვლას „სუპერსაპრეზიდენტო“ მმართველობის ფორმიდან საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე, გავლენიანი პარლამენტითა და ანგარიშვალდებული მთავრობით. ამ მიზნით, ცვლილებები ამცირებს პრეზიდენტის უფლებამოსილების გადაჭარბებულ კონცენტრაციას. კერძოდ, მცირდება სახელმწიფოს მეთაურის მონაწილეობა პარლამენტის ზედა პალატის ფორმირებაში, იზღუდება მისი გავლენა ადგილობრივ წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებზე.
ამასთან, სახელმწიფოს მეთაურს პრეზიდენტობის ვადის პერიოდში პოლიტიკურ პარტიებში გაწევრიანება ეკრძალება. მსგავსი მოთხოვნები გავრცელდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებსა და წევრებზე, რეგიონების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებზე.
ცვლილებები ასევე უკრძალავს სახელმწიფოს მეთაურის ახლო ნათესავებს, დაიკავონ მაღალი თანამდებობები სახელმწიფო სტრუქტურებში.
ცვლილებები ასევე მიზნად ისახავს მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნას, ადამიანის უფლებათა რწმუნებულის სტატუსის განსაზღვრას კონსტიტუციურ დონეზე და სიკვდილით დასჯის უპირობო აკრძალვას. გარდა ამისა, განახლებულ კონსტიტუციაში აღარ იქნება ნახსენები ქვეყნის პირველი პრეზიდენტის სტატუსი, უფლებამოსილებები და პრივილეგიები.
საერთო ჯამში, 5 ივნისს საარჩევნო უბნები 52 ქვეყანაში, მათ შორის დსთ-ის ქვეყნებში გაიხსნა. რეფერენდუმს 272 უცხოელი დამკვირვებელი დააკვირდება.