თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ონლაინ გამოცემა Transfermarkt-ის ანალიტიკოსებმა სეზონის ბოლოს მონაცემები განაახლეს -„ვალენსიისა“ და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი 10 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
სეზონის ბოლოს მამარდაშვილის სავარაუდო ღირებულება გაორმაგდა. ქართველი მეკარეებისთვის ეს ერთგვარი რეკორდია.
2021 წლის ივლისში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიაში“ გადასვლამდე, მისი ღირებულება 800 ათასი ევრო იყო.
Transfermarkt-ის ვერსიით, ბათუმის „დინამოს“ მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია კვლავ ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია, მისი სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენს. გიორგი მამარდაშვილი მეორე ადგილზეა.
გერმანული გამოცემა TM მოთამაშეების ღირებულების მონაცემებს სეზონში 3-4-ჯერ აახლებს - ჩემპიონატის პირველი ტურის შემდეგ და სეზონის ბოლოს, ასევე დიდი ტურნირების შემდეგ, როგორიცაა მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, უეფას ჩემპიონთა ლიგა.