საქართველოში ამერიკელი მომღერალი ალენ ჰალსი წარდგება

ჰალსი შესთავაზებს მსმენელს ფოლკლორული და ელექტრონული მუსიკის უნიკალურ სინთეზს, გვპირდებიან ორგანიზატორები
Sputnik
თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. ამერიკელი მომღერალი, მულტიინსტრუმენტალისტი და კომპოზიტორი ალენ ჰალსი (Allen Hulsey) 14 აგვისტოს შეკვეთილში „მუსიკოსთა პარკის“ სოციალურ სივრცეში წარდგება.
ალენ ჰალსი სოციალურ სივრცეს შეავსებს ფოლკლორული და ელექტრონული მუსიკის უნიკალური ნაზავით, გვპირდებიან ორგანიზატორები.
მომღერალი ალენ ჰალსი
ალენი არის როჩესტერიდან (ნიუ-იორკი, აშშ). მასზე დიდი გავლენა მოახდინა ერკან ოგურის, ფრედ ფრითის, დევიდ ტრონზოს, დერეკ ბეილისა და ჯონ კეიჯის ნამუშევრებმა. გარდა ამისა, ალენ ჰალსი ჯონ ლენონის თავგადაკლული ფანია.
ის არის ჯონ ლენონის ყოველწლიური ტრიბიუტ-საღამოს ერთ-ერთი დამფუძნებელი. ღონისძიება ცენტრალურ პარკში 8 დეკემბერს, ლენონის მკვლელობის წლისთავზე იმართება. გარდა მუსიკისა, ალენ ჰელსი მსახიობობითა და ვიზუალური მხატვრობით არის გატაცებული.
მომღერალი ალენ ჰალსი
ალენ ჰალსიმ ნიუ-იორკში დააარსა მუსიკალური დუეტი Muj, რომელშიც თურქ ემრე ათაბაისთან ერთად უკრავს.
ბენდი მოიცავს ჟანრების ფართო სპექტრს, მათ შორის პოპს, როკს, საცეკვაო, ელექტრონულ მუსიკას, ტრიპ-ჰოპსა და აკუსტიკას. Muj გახდა MTV's Music Universe Contest-ის ნახევარფინალისტი სიმღერით Elastic (2012 წლის ალბომიდან).
მომღერალი ალენ ჰალსი
„Allen Hulsey მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სახელოვნებო სივრცეების ხშირი სტუმარია, რომელთა შორისაა: Burning Man, Nomade Tulum, Scorpios Mykonos და მრავალი სხვა. გარდა მუსიკალური პროექტებისა, ის აქტიურად ცდილობს ეკოცნობიერი აქტივობების წახალისებას და გარემოზე ზრუნვას“, - ნათქვამია ღონისძიების ანონსში.
შეკვეთილში მრავალფუნქციური „სოციალური სივრცის“ მისიაა ადამიანების გაერთიანება ერთი მიზნის გარშემო - გაუზიარონ ერთმანეთს გარემოს დაცვისა და ერთმანეთზე ზრუნვის ცოდნა და გამოცდილება.