თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. პროგრესულ გამოგონებებზე სახელმწიფო შეკვეთების არარსებობა პრობლემას წარმოადგენს როგორც რუსეთში, ისე საქართველოში, განაცხადა ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო ცენტრის დირექტორმა და საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის Fab Lab-ის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა თემურ მაისურაძემ ონლაინ-ლექციაზე, რომელიც პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის პლატფორმაზე გაიმართა.
თემაზე „ინოვაციური საქართველო – ინტელექტუალური პოტენციალი და თანამშრომლობის პერსპექტივები“ ლექციის მსვლელობისას განიხილეს ინოვაციური საქმიანობისა და პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების ურთიერთდამოკიდებულება პოსტსაბჭოურ სახელმწიფოთა სივრცეებში, ასევე გააანალიზეს რეგიონული მოთამაშეების სამეცნიერო-ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი ეტაპის პერსპექტივები.
„ჩვენთვის ცნობილია, რომ განვითარებულ ქვეყნებში არის შეკვეთები სახელმწიფოსგან გარკვეულ გამოგონებებზე. ისინი პირდაპირ ამბობენ – გვჭირდება ესა და ეს. სახელმწიფო სერიოზული დამკვეთია“, – აღნიშნა მაისურაძემ.
მისი სიტყვებით, სახელმწიფო დაკვეთები სერიოზულ გამოგონებებზე არის რუსეთშიც, მაგრამ ეს ეხება მხოლოდ სამხედრო მრეწველობას. ასეთი მიდგომა კი სჭირდება სახალხო მოხმარების საქონლის მრეწველობასაც.
მნიშვნელოვან პრობლემად პროფესორი მიიჩნევს ისეთი ფონდების არარსებობასაც, რომლებიც ინოვაციურ გამოგონებებს დაეხმარებოდნენ, დააფინანსებდნენ მათ ხარჯსა და პატენტების შენახვას. მაისურაძემ მაგალითად მოიყვანა აშშ და ევროპის ქვეყნები, სადაც ბევრი ასეთი ფონდი მოქმედებს და ამ სახელმწიფოებში სერიოზულად ეხმარებიან თავიანთ გამომგონებლებს, რათა ამა თუ იმ მიმართულებით პირველობა შეინარჩუნონ.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ სიტუაციაში, როდესაც რუსული კაპიტალი თითქმის არ გაედინება ქვეყნიდან, რუსეთს კარგი შესაძლებლობა აქვს, გააძლიეროს ქვეყნის განვითარება.
„ყველას ესმის, რომ ფული უნდა ჩაიდოს. საჭიროა ქვეყნის განვითარება. საჭიროა რუსეთში არსებული რესურსების სწრაფად გარდაქმნა პროდუქტად და არა ნედლეულის გაყიდვა. გამოდის, კონკურენციაში, სადაც პროდუქციის თვითღირებულების უზარმაზარი ნაწილი ნედლეულს უჭირავს, რუსეთს უკვე უდიდესი უპირატესობა აქვს“, – აღნიშნა მან.
ამიტომაც, მაისურაძის აზრით, თუ დანარჩენ რესურსებსაც ჩართავენ, პირველ რიგში ინტელექტუალურს, მაშინ რუსეთის კონკურენტუნარიანობა გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე დღეს.
ექსპერტმა ხაზი გაუსვა, როგორ გაფლანგა წლების განმავლობაში თავისი პოტენციალი განვითარებული მრეწველობის მქონე საქართველომ.
მაისურაძემ ისაუბრა საპატენტო აქტიურობაზე საბჭოთა კავშირის დროს და დღეს. მისი ინფორმაციით, მაშინ გამოგონებების საერთო რაოდენობა წელიწადში 83.000 იყო.
გამოგონებების რაოდენობით საქართველო კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა იყო წელიწადში 730 გამოგონებით, მაშინ, როცა სომხეთში ეს რიცხვი უდრიდა 362-ს, აზერბაიჯანში – 484-ს, თურქეთში – 281-ს.
უკვე 2000 წელს საქართველომ პოზიციები დათმო, ისევე, როგორც სომხეთმა და აზერბაიჯანმა. თურქეთი კი განაგრძობს განვითარებას ამ მიმართულებით. 2020 წლის მონაცემებით, თურქეთს უკვე 11,1 ათასი გამოგონება აქვს, რუსეთს – 30,3 ათასი. საქართველოს – კატასტროფულად ცოტა, მხოლოდ 45.
„სამრეწველო სექტორი ჩვენთან ყველაზე მეტად დაზარალდა. ყოფილი საბჭოთა კავშირის არცერთ რესპუბლიკას არ დაუკარგავს სიმძლავრეები, მათ რაღაც უნდა გადაეკეთებინათ, მაგრამ ქარხნები არ გაუნადგურებიათ. განადგურდა მხოლოდ საქართველოში“, – განაცხადა ექსპერტმა.
არანაკლებ მნიშვნელოვანი, მაისურაძის აზრით, არის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების საქმიანობის შეჩერება 2003 წელს, ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლის შემდეგ.
„მან გააუქმა სამეცნიერო ინსტიტუტების მნიშვნელობა და პრაქტიკულად მოცელა ის, ახლა ასეთი ინსტიტუტები არ გვაქვს. ისინი რაღაცას მიუერთეს, გარკვეული ობიექტები სხვა ინსტიტუტებს გადასცეს და მათ საქმიანობა შეწყვიტეს. ყველა ეს ლაბორატორია განადგურდა, მთელი აღჭურვილობა გაიყიდა. ანუ ეს პოტენციალი მთლიანად დავკარგეთ“, – განაცხადა მაისურაძემ.
კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემად მან დაასახელა კონკურენციის არარსებობა საქართველოს სამრეწველო სექტორში.
„რადგან ქვეყნის შიგნით არაფერს ვაწარმოებთ, გარდა რამდენიმე პროდუქტისა, რადგან უკვე აღარ არის მრეწველობა, ე.ი. არ არსებობს კონკურენცია. რადგან არ არსებობს კონკურენცია, სამრეწველო სექტორში არ არსებობს მოთხოვნილება გამოგონებებზე, სიახლეებზე და ა.შ.“, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, მრეწველობაში კონკურენცია რომ ყოფილიყო, იარსებებდა მოთხოვნილება ახალ ტექნოლოგიებსა და სიახლეებზე, სექტორი ასეთ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდა.
ძირითად პრობლემებს შორის მაისურაძემ გამოყო დსთ-ის ქვეყნების სამრეწველო სექტორებს შორის კავშირების გაწყვეტა.
2003 წლის შემდეგ საქართველომ დაიწყო გადასვლა ევროპასთან თანამშრომლობაზე და შედეგად დაკარგა ყველა ყოფილი კავშირი და ბაზარი.
„ჩვენ ვერაფერს ვერ მივაღწიეთ ევროპაში, რადგან იქ ძალიან მაღალი კონკურენციაა. ჩვენ არ გვქონდა ეს ტექნოლოგიები, ისინი არავის შემოუტანია. სახელმწიფოში არ დახარჯულა ფული საკუთარი სამრეწველო სექტორის შექმნაზე. როგორც აღმოჩნდა, ჩვენ არც იქით ვართ და აღარც აქეთ“, – აღნიშნა მაისურაძემ.
მაისურაძის აზრით, საქართველოს და რუსეთს თანამშრომლობის დიდი პერსპექტივა აქვთ ერთობლივი სამეცნიერო-სამრეწველო განვითარების საერთო ინტერესებთან მიერთების შესაძლებლობის გაჩენის შემთხვევაში.
ანუ ქვეყნებს აქვთ სტანდარტებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოების საერთო ხედვა, ასევე მაქსიმალურად მსგავსი საგანმანათლებლო სისტემა – ქვეყნები აღიარებენ ერთმანეთის დიპლომებს და კარგად იცნობენ თავიანთი სპეციალისტების მუშაობის ხარისხს.