თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი 2022 წელს თითქმის 100.000 ჰექტარით გაიზრდება და 900.000-ს მიაღწევს, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
მინისტრი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ირაკლი შიოშვილთან ერთად ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე რეინჯერებს შეხვდა.
საქართველოში პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის ნაკრძალი 110 წლის წინ, 1912 წელს შეიქმნა, რომლის ფართობი მხოლოდ 3.500 ჰა იყო. დღეს საქართველოში 94 დაცული ტერიტორიაა, საერთო ფართობით 800.000 ჰა-მდე, რაც ქვეყნის ტერიტორიის 11,5%-ს შეადგენს.
„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 110 წელია ვიცავთ ბუნებას. ლაგოდეხის ნაკრძალი უნიკალური დაცული ტერიტორიაა. სწორედ მისი შექმნით იწყება საქართველოში დაცული ტერიტორიების ისტორია და განვითარება ჩვენი ბუნების დაცვისა და შენარჩუნებისთვის. სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს, რომ რეინჯერებს ჰქონდეთ შესაბამისი აღჭურვილობა და შესაბამისი პირობები", – განაცხადა შამუგიამ.
მისივე თქმით, ბოლო წლებში დაახლოებით 170 მილიონი ლარია ინვესტირებული ინფრასტრუქტურის მიმართულებით. დაცულ ტერიტორიებზე დაახლოებით 1.000 კმ საერთო სიგრძის ბილიკების მოწყობა იგეგმება მომავალი ორი წლის განმავლობაში, რისთვისაც ბიუჯეტიდან დაახლოებით 35 მილიონი ლარი გამოიყოფა.
„ყოველივე ეს საშუალებას მოგვცემს, მოვიზიდოთ მეტი ვიზიტორი, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას", – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ოთარ შამუგია რეინჯერებთან ერთად ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე
© MINISTRY OF ENVIRONMENTAL PROTECTION AND AGRICULTURE OF GEORGIA
აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ჯამში 400-მდე რეინჯერი იცავს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეინჯერები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ საქართველოს უნიკალურ ბუნებრივ მემკვიდრეობას.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფართობი დღეისათვის 24.255 ჰა-ს შეადგენს, საიდანაც 17.000 ჰა ხელუხლებელი და პირველყოფილი ტყეა და მოიცავს ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალსა და ლაგოდეხის აღკვეთილს. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ტურისტული მარშრუტები კეთილმოწყობილია მარკირებული ბილიკებით, ტურისტული კოტეჯებით, საკემპინგეებით, საპიკნიკეებით და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურით.
ოთარ შამუგია რეინჯერებთან ერთად ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე
© MINISTRY OF ENVIRONMENTAL PROTECTION AND AGRICULTURE OF GEORGIA
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარება გრძელდება. მიმდინარე წელს დაგეგმილია 150 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკების ქსელის მოწყობა თანმდევი რეკრეაციული ინფრასტრუქტურით.