თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ აპირებს თავისი პოზიციის შეცვლას პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, რადგან მიიჩნევს, რომ ამან ქვეყანაში შეიძლება პოლარიზაცია კიდევ უფრო გააღრმავოს.
უფრო ადრე ზურაბიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ არასდროს შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს. ექს-პრეზიდენტი 12 მაისიდან სამოქალაქო კლინიკაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შედეგად გაუარესდა, რომელიც მან დაკავებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბრიდან გამოაცხადა. ოჯახი და მისი მხარდამჭერები სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნას მოითხოვენ.
„იცნობთ ქართულ საზოგადოებას, იცით, რომ ეს იქნება უაღრესი დაპირისპირების ერთ-ერთი საკითხი... გამომდინარე იმ ძალიან მძიმე წლებიდან, რაც საზოგადოებას ახსოვს, აქ არ შეიძლება მე ვიყო მონაწილე იმის, რამაც შეიძლება კიდევ გააღრმავოს ეს პოლარიზაცია ქვეყანაში", – განაცხადა ზურაბიშვილმა ტელეარხ „პალიტრანიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მანამდე რამდენჯერმე შეიწყალა ადამიანები პოლარიზაციის შესამცირებლად, თუმცა მაშინ მიზანი ვერ იქნა მიღწეული.
„აქ ბევრად უფრო მძაფრად არის გამოხატული ადამიანების პოზიციები", – განაცხადა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილმა ასევე დაამატა, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის დასაცავად ყველა აუცილებელი ზომის გატარებაა საჭირო.
„იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო ექსპერტები საჭიროდ ჩათვლიან, რომ საქართველოში სათანადო მკურნალობის მიღების შესაძლებლობა არ არსებობს, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ამას შესაბამისად უპასუხოს", – განაცხადა მან.
ქვეყნის რეპუტაციას ჩრდილი არ უნდა მიადგეს, ყველა შესაბამისი ზომა უნდა იქნას მიღებული, რათა „არაფერი მოუვიდეს ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს", აღნიშნა ზურაბიშვილმა.
უფრო ადრე იუსტიციის სამინისტროში არაერთხელ განაცხადეს, რომ სააკაშვილი თავის მდგომარეობას თვითონ ამძიმებს, რადგან უარს ამბობს დანიშნული სამკურნალო მედიკამენტების ნაწილის მიღებაზე.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.