პრემიერი GLOBSEC-ის ფორუმზე: ქართული პოლიტიკა ემოციებით სავსეა

საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ქვეყანაში საკმაოდ სტაბილური გარემოა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.
Sputnik
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციის მხრიდან კრიტიკას ნორმალურ მოვლენად მიიჩნევს.
ოპოზიციის დიდი ნაწილი მოქმედ ხელისუფლებას ქვეყნის საგარეო კურსიდან გადახვევაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ეს გახდება დაბრკოლება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. თავის მხრივ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ოპოზიცია ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას ახორციელებს.

„ოპოზიცია ყველგანაა და მათი საქმე ხელისუფლების კრიტიკაა, რაც აბსოლუტურად ნორმალურია... ქართული პოლიტიკა ემოციებით სავსეა. ჩვენ ვცდილობთ დეესკალაციას, პოლარიზაციის მინიმიზაციას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC 2022) ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე.

საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ქვეყანაში საკმაოდ სტაბილური გარემოა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.
საქართველოში პოლარიზაცია ყოველი არჩევნების წინ იზრდება. როგორც ოპოზიცია, ისე მმართველი გუნდი კონფრონტაციის დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა, ერთმანეთის მისამართით ბრალდებები არ მთავრდება.