თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა უნდა მოხდეს კანონის წინაშე მისი პასუხისმგებლობისა და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის გათვალისწინებით, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა.
სააკაშვილს 12 მაისიდან კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შედეგად გაუარესდა, რომელიც მან დაკავებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბრიდან გამოაცხადა.
„არის ორი განზომილება, რომელშიც უნდა განვიხილოთ სააკაშვილის საქმე. პირველი, და ეს მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, დამნაშავემ სასჯელი უნდა მოიხადოს, მეორე – მას სათანადო სამედიცინო მომსახურება უნდა გაეწიოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამ დროისათვის მსჯავრდებული სააკაშვილი სრული სამედიცინო მომსახურებით სარგებლობს.
„სახელმწიფომ იგი (სააკაშვილი) ყველა აუცილებელი სამედიცინო სერვისით უნდა უზრუნველყოს... მისმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იყო სერვისები, რომელზეც იგი უარს ამბობდა და ამით გარკვეულწილად საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი მიაყენა. ახლა, ეტყობა, იგი თანახმაა მკურნალობაზე და ყველა კვლევის ჩატარებაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელი ძალაში რჩება.
„დადასტურებულია, რომ მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა ორი დანაშაული – ეს არის სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმე. ამ საკითხში ეჭვი არავის ეპარება... შესაბამისად, მან უნდა მოიხადოს სასჯელი, ისევე, როგორც ნებისმიერმა სხვა ადამიანმა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.