თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ავსტრალიელმა მეცნიერებმა ქვეყნის სანაპიროსთან ზღვის ბალახის უზარმაზარი მინდორი აღმოაჩინეს, რომელიც 200 კვადრატულ კილომეტრ ფართობს მოიცავს.
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტისა და ფლინდერსის უნივერსიტეტის მეცნიერების თქმით, მთელი ეს „ზღვის გაზონი“ ერთი ყლორტიდანაა ამოზრდილი, რომელიც თავად კლონირდებოდა და გავრცელდა უზარმაზარ ტერიტორიაზე.
„კვლევის შედეგებმა გაგვაოგნა. აღმოჩნდა, რომ აქ მხოლოდ ერთი გენეტიკური პროფილია. მხოლოდ ერთი მცენარეა გაზრდილი 180 კილომეტრზე მეტ სიგრძეზე და ეს მას ყველაზე დიდ მცენარედ აქცევს დედამიწაზე. მთელი ეს ზღვის მინდორი, რომელიც შარკის ყურეში 200 კვადრატულ კილომეტრს ფარავს, დიდი ალბათობით, ერთი ყლორტიდანაა გაზრდილი, რომელმაც კოლონია შექმნა“, — ამბობს ფლინდერსის უნივერსიტეტის სწავლული ჯეინ ეჯლოუ.
მანამდე დაკავებული არეალის თვალსაზრისით რეკორდსმენად ასპენის ვერხვის კოლონია, სახელად პანდო მიიჩნეოდა (აშშ, შტატი იუტა). ის ასევე შედგება იდენტური მცენარეებისგან, რომლებიც საერთო ფესვთა სისტემითაა დაკავშირებული. პანდოს ტერიტორია მხოლოდ 0,43 კვადრატული კილომეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილი ზღვის ბალახის კოლონია თითქმის 500-ჯერ დიდია მასზე.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც შარკის ყურეში მდებარე ზღვის ბალახის მინდორი ჩემპიონად მიიჩნევა, ისაა, რომ, ავსტრალიელი მეცნიერების დასკვნით, ეს მცენარე სულ მცირე 4,5 ათასი წლისაა.
წყარო: New Atlas