მსოფლიო დღეს

მაიმუნის ყვავილი და სიკვდილიანობა: აფრიკაში 70-მდე ადამიანი გარდაიცვალა

მსოფლიოს 30 ქვეყანაში მაიმუნის ყვავილით დაავადების 550 შემთხვევა გამოვლინდა, აღნიშნავენ ჯანმოში.
Sputnik
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. 70-მდე ადამიანი გარდაიცვალა მაიმუნის ყვავილით 2022 წლის დასაწყისიდან აფრიკის ხუთ ქვეყანაში, განაცხადა ჯანმოს საგანგებო სიტუაციების ყვავილთან ბრძოლის პროგრამის სამდივნოს ხელმძღვანელმა როზამუნდ ლუისმა.
მისი სიტყვებით, არაენდემურ სახელმწიფოებში, სადაც ვირუსი გავრცელდა, ლეტალური შედეგი არ დაფიქსირებულა.

„მაისიდან მოყოლებული, რამდენიმე ქვეყანაში ინფექციის გავრცელების შედეგად გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. თუმცა ჯანმო უკვე 50 წელია აფრიკის ქვეყნებში აწარმოებს დაავადების მონიტორინგს, რომელსაც მაიმუნის ყვავილს უწოდებენ, და ყოველწლიურად აღირიცხება სიკვდილის შემთხვევები“, – აღნიშნა ლუისმა ბრიფინგზე.

2022 წელს აფრიკის ხუთ ქვეყანაში გარდაცვალების 70 შემთხვევა აღირიცხა, დაამატა სპეციალისტმა.
ამასთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს 30 ქვეყანაში გამოვლინდა ადამიანის მაიმუნის ყვავილით ინფიცირების 550 შემთხვევა.
მაიმუნის ყვავილი იშვიათი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანებშიც ვრცელდება. ჩვეულებრივ, ეს მსუბუქი დაავადებაა და ადამიანების უმრავლესობა რამდენიმე კვირის განმავლობაში იკურნება, მაგრამ ზოგჯერ მოსალოდნელია გართულებაც.
რაც შეეხება ინფექციის თავდაპირველ სიმპტომებს, ესენია ციება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება, ცხელება, სისუსტე.
სპეციალისტების მტკიცებით, ინფექცია იწვევს გამონაყარსაც, რომელიც სახეზე იწყება, შემდეგ კი სხეულის სხვა ნაწილებზეც ვრცელდება. გამონაყარი ცვლილებას განიცდის და გადის სხვადასხვა სტადიას.