თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმიდან მრავალრიცხოვან ექსპონატებს დღეიდან ეტაპობრივად გაიტანენ სხვა უსაფრთხო საცავებში სამუზეუმო სტანდარტების დაცვით, ნათქვამია საქართველოს კულტურის სამინისტროს და ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.
ექსპონატების ევაკუაციის პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ წლის დასაწყისში დაიგეგმა, ოქტომბრისთვის უნდა დასრულდეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხელოვნების მუზეუმის შენობის დაცლის შემდეგ ჩატარდება გამაგრებითი და კაპიტალური სამუშაოები, რის შედეგადაც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი საქართველოს სამუზეუმო სივრცეში კვლავ დაიმკვიდრებს მკაფიოდ ჩამოყალიბებულ საზოგადოებრივ ფუნქციას.
მუზეუმის ცალკეული სართულების რესტავრაცია 2021 წელს დაიწყო და ამ დროის განმავლობაში ორი სართულის შეკეთება მოხერხდა.
რაც შეეხება მუზეუმის საგანძურის ექსპონატებს – ოქროს ფონდს, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელთა პოზიციის გათვალისწინებით, მათ განსათავსებლად შეირჩა სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის შენობა.
მოცემულ სივრცეში დამონტაჟებულია ტემპერატურისა და ტენიანობის მაკონტროლებელი, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სისტემები.
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი
© photo: Sputnik
საგანძურის კოლექციის გადატანაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, ასევე მაღალი კომპეტენციის, სხვადასხვა პროფილის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, მათ შორის, ექსპონატთა უსაფრთხო გადაადგილების სპეციალისტი, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი უნარები და გამოცდილება ამ მიმართულებით. ექსპონატების გადატანის უსაფრთხოებას საქართველოს შსს-ს თანამშრომლები დაიცავენ.
კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ექსპონატების ტრანსპორტირებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დეტალური აღწერა მოხდება. როგორც უწყებაში ირწმუნებიან, სარესტავრაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მუზეუმი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი და, რაც მთავარია, თანამედროვედ აღჭურვილი კულტურული ცენტრი გახდება.
„იგი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი კულტურული კერა, სადაც მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების ექსპოზიციები, საგანმანათლებლო, საგამოფენო და საზოგადოებრივი სივრცეები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კაპიტალური რესტავრაციის შემდეგ მუზეუმი უმასპინძლებს საერთაშორისო ღონისძიებებს, ხელი შეეწყობა მუზეუმის ინტეგრირებას მსოფლიო სამუზეუმო სივრცეში, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მუზეუმის რესურსის გამოყენებას არაფორმალური განათლების მიმართულებით, მუზეუმში დაცული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, რაც იქნება კულტურული ტურიზმის განვითარების მყარი გარანტია, აღნიშნავენ სამინისტროში.
მუზეუმის ისტორია
მუზეუმის შენობა აგებულია XIX საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს. შენობას, როგორც თბილისის ევროპული არქიტექტურის ერთ-ერთ პირველ ნიმუშს და კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეულ უძრავ ძეგლს, საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 20 ნოემბრის N834 ბრძანებულებით განსაზღვრული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.
მუზეუმში დაცულია ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ნიმუშები – შუასაუკუნეების ქართული არქიტექტურის, მონუმენტური ფერწერისა და მოზაიკის, ქანდაკების, ხეზე კვეთის ნიმუშები, XVIII-XIX სს ევროპისა და აღმოსავლეთის ქვეყნების, რუსული, თანამედროვე ქართული სახვითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების კოლექციები, არქიტექტურული ანაზომებისა და ნახაზების უმდიდრესი კოლექცია, ფოტო და ნეგატივების ფონდი.
განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ოქროს ფონდს, სადაც წარმოდგენილია ექსპონატები ძვ.წ.აღ. V ათასწლეულიდან XX საუკუნის ჩათვლით, მათ შორის უნიკალური არქეოლოგიური მასალა, VIII-XIX სს ქართული ოქრომჭედლობისა და ტიხრული მინანქრის, ხატწერის იშვიათი ნიმუშები, ხელნაწერები, იარაღი, ჭურჭელი, საიუველირო ნაწარმი, რიტუალური დანიშნულების საეკლესიო ნივთები, მხატვრული ნაქარგობის ნატიფი ნიმუშები.
ხელოვნების მუზეუმი ამ შენობაში 1952 წელს განთავსდა. მას შემდეგ შენობაში კაპიტალური სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა, რამაც განაპირობა მისი დღევანდელი სავალალო მდგომარეობა.