თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. დავკარგე მეგობარი და ძვირფასი ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობოდი ნებისმიერ საკითხში, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მისი მოადგილის ილია ელოშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით.
დღეს თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. საქმე სსკ-ის 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.
„შეუძლებელია გადმოვცე ის მდგომარეობა, თუ როგორ ვგრძნობ თავს ილიას დაკარგვის გამო... დავკარგე მეგობარი და ძვირფასი ადამიანი, კაცი, რომელსაც უამრავი ადამიანის პრობლემა გულთან მიჰქონდა და ეხმარებოდა, ყველას ბოლომდე გვერდში ედგა", – განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძემ სამძიმარი გამოუცხადა ელოშვილის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს და მათ გამძლეობა უსურვა.
ილია ელოშვილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ელოშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა, იქამდე ენერგეტიკის მინისტრი, მანამდე კი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო.