თბილისში ალექსანდრ პუშკინის დაბადების დღეს აღნიშნავენ

საქართველოს დედაქალაქში საკულტო პოეტის ლექსებს სხვადასხვა ენაზე წაიკითხავენ.
Sputnik
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. დიდი რუსი პოეტის ალექსანდრ პუშკინის დაბადებიდან 223-ე წლისთავი თბილისში ტრადიციულად 6 ივნისს გაიმართება, განაცხადა საქართველოს რუსულენოვანი ლიტერატორების პუშკინის საზოგადოება „არიონის“ ხელმძღვანელმა მიხეილ აიდინოვმა.
Sputnik–საქართველოს მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გამართულ ბრიფინგზე აიდინოვმა ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც თბილისში, პუშკინის სკვერში, პოეტის ქანდაკებასთან არის დაგეგმილი.
მიხეილ აიდინოვი Sputnik–საქართველოს პრეს–ცენტრში
„6 ივნისს, დილის 11 საათზე ტრადიციულად შევიკრიბებით პუშკინის ბიუსტთან, სადაც გაიმართება ტრადიციული მიტინგი, რომელიც დიდი რუსი პოეტის დაბადებიდან 223-ე წლისთავს და რუსული ენის მსოფლიო დღეს მიეძღვნება“, – აღნიშნა აიდინოვმა.
ღონისძიება 1991 წლის 6 ივნისის შემდეგ ყოველწლიურად ტარდება. ამ წლებში პუშკინის დაბადების დღის აღნიშვნის გარკვეული ტრადიციაც ჩამოყალიბდა – ღონისძიების მონაწილეები პოეტის ლექსებს სხვადასსხვა ენაზე კითხულობენ.
წელს პოეტის ლექსებს წაიკითხავენ ქართულ, ბელარუსულ, ოსურ, აზერბაიჯანულ, სომხურ, ბულგარულ, ბერძნულ და სხვა ენებზე.
მიხეილ აიდინოვი
პუშკინისადმი თავიანთ მიმართვებს წაიკითხავენ „არიონის“ წევრები ნატალია სელეზნიოვა, მიხეილ ანანოვი, თამარ კონსტანტინოვსკაია, მანანა კობახიძე, იულია კლუჩნიკოვა და სხვები.
პუშკინის ლექსებს სკოლის მოსწავლეებიც წაიკითხავენ. რუსული ენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრებს საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, აგრეთვე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორები.

„მოვამზადეთ რამდენიმე სიურპრიზი, მაგალითად, გიორგი კევლიშვილის სახუმარო თარგმანი ქართულიდან რუსულ ენაზე. წარმოიდგინეთ, ის იღებს პუშკინის თარგმანს ქართულად და თავიდან თარგმნის რუსულად. ვფიქრობ, ეს ძალიან ორიგინალური იქნება“, – აღნიშნა ორგანიზატორმა.

საინტერესოა, რომ თარგმანებს წაიკითხავენ არა მხოლოდ ქართველი ლიტერატორები და დიასპორული ორგანიზაციების ლიდერები, არამედ უცხოელი სტუმრებიც ისრაელიდან, გერმანიიდან, ბულგარეთიდან, რომლებმაც ამ დღისთვის სპეციალურად მოამზადეს ლექსების თარგმანები.