თბილისი, 31 მაისი − Sputnik. ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (International Budget Partnership) მიერ გამოქვეყნებული კვლევის „ბიუჯეტის გამჭვირვალობა 2021" (Open Budget Survey – 2021) შედეგების მიხედვით, საქართველომ მსოფლიოს 120 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
კვლევა შეისწავლის მთავრობის მიერ საჯარო ფინანსების მართვის სისტემას ბიუჯეტის გამჭვირვალობის, საბიუჯეტო პროცესში მხარეთა ჩართულობის, ბიუჯეტის მართვაზე ზედამხედველობის მიმართულებით.
უწყების ცნობით, ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევის ბოლო ორი შეფასებით, 2017 და 2019 წლებში საქართველო მეხუთე ადგილს იკავებდა მსოფლიოს 117 ქვეყანას შორის სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების ჯგუფში.
კვლევა ითვალისწინებს ერთისა და იმავე მეთოდოლოგიით მსოფლიოს ყველა ქვეყნის ბიუჯეტის გამჭვირვალობის შეფასებას. ხორციელდება როგორც თითოეული ქვეყნის, ასევე მსოფლიო მასშტაბით საშუალო ქულის გამოთვლა, რაც საშუალებას აძლევს ქვეყნებს, შეაფასონ მათი პროგრესი როგორც სხვა ქვეყნებთან, ისე გლობალურ საშუალო მაჩვენებელთან მიმართებით, ასევე დაინახონ განვითარების დინამიკა წინა კვლევებთან შედარებით.
ამასთან, კვლევა არ ხორციელდება მთავრობის მიერ თვითშეფასების გზით და კითხვარს ავსებენ ამ მიზნით დამოუკიდებლად შერჩეული არასამთავრობო ორგანიზაციები. შესაბამისად, შედეგები დამოკიდებულია ქვეყანაში არსებული სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მიერ 2021 წლის შედეგებით მიღწეული წარმატება საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების შედეგია. მათ შორისაა საშუალოვადიანი დაგეგმვის გაუმჯობესება, პროგრამული ბიუჯეტის დანერგვა, ანგარიშგების ყოვლისმომცველობის გაზრდა, საჯარო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემების დანერგვა და გაუმჯობესება, საბიუჯეტო დოკუმენტაციის გამოქვეყნება და საჯაროობა, მოქალაქის გზამკვლევების მომზადება, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შემუშავება და სხვ.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს კვლევა და ღია ბიუჯეტის ინდექსის დადგენა ორ წელიწადში ერთხელ საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის ორგანიზებით ხდება.
კვლევა პირველად 2006 წელს გამოქვეყნდა, მაშინ საქართველო 34 ქულით მხოლოდ 30-ე ადგილს იკავებდა (განახლებული მეთოდოლოგიით) და მხოლოდ მინიმალურად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში იყო. შემდგომი კვლევების შედეგებში ქულები და პოზიციები ეტაპობრივად უმჯობესდებოდა და 2008, 2010 და 2012 წლების კვლევებით საქართველო შეზღუდული გამჭვირვალობის მქონე ქვეყნების რიგში იდგა.
2015 წლის კვლევით, ქვეყანა პირველად გადავიდა მნიშვნელოვნად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში და 66 ქულით მე-16 ადგილი დაიკავა მსოფლიოს 109 ქვეყანას შორის, ხოლო 2017 და 2019 წლებში მეხუთე ადგილი დაიკავა სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების ჯგუფში.