თბილისი, 29 მაისი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2 ივნისს, თბილისში, გიბრალტარის ნაკრებთან მატჩისთვის სრული შემადგენლობით ემზადება.
საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2022/2023 სეზონის ფარგლებში ივნისში ოთხ მატჩს გამართავს: აქედან ორი საშინაო თამაშია - 2 ივნისს გიბრალტარის ნაკრებთან და 12 ივნისს ბულგარეთის ნაკრებთან, ხოლო ორი გასვლითი თამაში იქნება - 5 ივნისს ბულგარელებთან და 9 ივნისს - ჩრდილოეთ მაკედონიასთან.
„მიზანი პირველი ადგილია და იმედი მაქვს, რომ ამ ოთხ შეხვედრაში ვაჩვენებთ, რომ პირველობისთვის ვიბრძვით და სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, ფავორიტები ვიქნებით. პირველი თამაში ყველაზე მნიშვნელოვანია. გიბრალტარს ვეთამაშებით და აუცილებელია, რომ მეტოქე სათანადოდ შევაფასოთ და 3 ქულა მოვიპოვოთ“, - საუბრობს ნაკრების წევრი ოთარ კიტეიშვილი ვარჯიშის შემდეგ.
ეროვნული ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლმა გამოაცხადა საქართველოს ნაკრების სია ერთა ლიგის მატჩებისთვის:
მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო).
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე („დინამო“, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია). ლუკა ლოჩოშვილი („ვოლფსბერგი“, ავსტრია), ლაშა დვალი („ფერენცვაროში“, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვირკველია („გაგრა“, საქართველო), მამუკა კობახიძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი („დინამო“, ბათუმი, საქართველო).
ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე („ჰათაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ვაკო გვილია („რაკუვი“, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო) ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე („ჰამბურგი“, გერმანია), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი („ვისლა“, კრაკოვი, პოლონეთი), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი“, სამხრეთი კორეა), ბუდუ ზივზივაძე („უიპეშტი“, ბუდაპეშტი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე („ნიუკასლ ჯეტსი“, ავსტრალია), გიორგი მიქაუტაძე („სერენი“, ბელგია)
უეფას ერთა ლიგა არის დამატებითი შანსი ნაკრებებისთვის მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატებზე კვალიფიკაციისთვის. 2020 წლის ნოემბერში საქართველოს ნაკრები გავიდა ტურნირის ფინალში, სადაც მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ხელიდან გაუშვა EURO-2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შანსი.
უეფას ერთა ლიგის 2022/2023 წლების სეზონში საქართველოს ნაკრები C დივიზიონის C4 ჯგუფში ბულგარეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, გიბრალტარის გუნდებთან ერთად თამაშობს.