თბილისი, 29 მაისი – Sputnik. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსთვის მდინარე იორდანესთან მიწის ნაკვეთის გადაცემის დღეს ისტორიული უწოდა, იუწყება მთავრობის პრესსამსახური.
ირაკლი ღარიბაშვილი ორდღიანი ვიზიტით იორდანიაში გაემგზავრა, სადაც საქართველოსთვის მდინარე იორდანესთან მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოსთვის მდინარე იორდანესთან 4 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მიწის გადაცემის შესახებ გახდა ცნობილი 19 იანვარს, როდესაც მართლმადიდებელი სამყარო უფლის ნათლისღებას აღნიშნავს.
„დღეს ისტორიული დღეა. დღეს ჩვენ ოფიციალურად გადმოგვეცა მიწა, სადაც აშენდება ქართული კულტურის ცენტრი. ეს არის ყველა ქართველისთვის ალბათ საოცნებო დღე, ვინაიდან ქართველები 300 წლის შემდეგ ვბრუნდებით წმინდა მიწაზე“, - განაცხადა პრემიერმა მიწის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიაზე.
ცერემონიას ასევე ესწრებოდა ჰაშიმიტური სამეფოს პრინც ღაზი.
ცერემონიაზე ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმო ვითარებაში გახსნა მემორიალური ქვა, რომელზეც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერებია.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, უახლოეს დროს დაიწყება აქტიური მუშაობა კულტურული ცენტრის კონცეფციაზე. პროექტის შემუშავებაში ჩაერთვებიან საპატრიარქო და კულტურის სამინისტრო.
„ჩემი სურვილია, რომ ძალიან მალე დავიწყოთ მშენებლობა. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დროულად მოხდეს კონცეფციაზე შეჯერება. ამ პროექტს რა თქმა უნდა, გვაცნობთ საზოგადოებას და ამის შემდეგ დაიწყება მშენებლობა“, – განაცხადა პრემიერმა.
იორდანიის მეფე აბდალა მეორის და პრინც ღაზის გადაწყვეტილებით, საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ამ ადგილზე ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.
საქართველომ და იორდანიამ დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წლის 6 აპრილს დაამყარეს. საქართველოს საელჩო სამეფოში 2004 წელს გაიხსნა. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში.
წყარო - მთავრობის პრესსამსახური.