„რადიკალური იმედი": ცისფერ გალერეაში გამოფენა გაიხსნება

გამოფენის ორგანიზატორები სთავაზობენ დამთვალიერებლებს, დასვან ფუნდამენტური კითხვები და შეეცადონ პასუხები იპოვონ
Sputnik
თბილისი, 29 მაისი – Sputnik. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 2 ივნისს გაიხსნება პოლონეთისა და აღმოსავლეთ ევროპის თანამედროვე ხელოვნების კოლექციის გამოფენა სახელწოდებით „რადიკალური იმედი“.
ექსპოზიცია სახელწოდებით „რადიკალური იმედი“ 50-მდე მხატვრის ნამუშევარს აერთიანებს და შთაგონებულია ჯონათან ლირის იმავე სახელწოდების მხატვრული ნაწარმოებით. ეს წიგნი ცდილობს უპასუხოს სამ ფუნდამენტურ შეკითხვას: როგორ ვიცხოვროთ სამყაროში, რომელმაც მოულოდნელად დაკარგა ყოველგვარი მნიშვნელობა? არის თუ არა იმედი ასეთ სამყაროში და თუ არის, როგორ შეიძლება მისი გამოხატვა?
ექსპოზიციის კურატორები არიან მონიკა შევჩიკი (პოლონეთი), პარკ ბიონ უკი (სამხრეთ კორეა) და მაგდა გურული (საქართველო). მონიკა შევჩიკის თვალსაზრისით, ვითარება, რომელშიც დღეს კულტურა და ევროპული საზოგადოება იმყოფება, შესაძლოა „რადიკალურ იმედში“ აღწერილ განადგურების საფრთხეს შევადაროთ.
„ჯონათან ლირის ნაწარმოების თანახმად, ეგზისტენციალური ჩიხიდან გამოსასვლელად მეგზური გვჭირდება, რომელიც ახალ მნიშვნელობებს, შესაძლებლობების ახალ ველს დაინახავს. შეუძლია თუ არა ხელოვნებას ამ როლის შესრულება?“ - ამბობს კურატორი.
გამოფენა 12 ივნისამდე გასტანს.